გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. რაც შეეხება მაგისტრანტებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და გრანტის გაუმჯობესების მსურველებს საგამოცდო ბარათები იმ უმაღლეს დაწესებულებებში დაურიგდებათ სადაც ამჟამად სწავლობენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი, რომლებმაც არ მიუთითეს რეგისტრაციის დროს ბარათის აღების ადგილი, უნდა გამოცხადდნენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. იგი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ აბიტურიენტს მიაცილებენ სამუშაო მაგიდასთან, სადაც იგი მიიღებს ტესტს.
დაგვიანების შემთხვევაში აბიტურიებტი გამოცდაზე არ დაიშვება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.