"ქართული დასის" ლიდერის დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, პარლამენტს ვიცე-სპიკერი ჰყავს რომელსაც 5 ათასი ადამიანი ფულის მოპარვას ედავება და ის მაინც ვიცე–სპიკერია.
ბაღათურიას დღეს ვიცე–სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის გვარი არ დაუსახელებია, თუმცა, ის იგულისხმა.
მისივე შეფასებით, პარლამენტში აქლემის ქურდები სხედან. „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის წარდგენისას, ბაღათურიამ განაცხადა, რომ გაუგებარია ხელისუფლების არგუმენტები ამნისტიის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალება მოხდა.
დეპუტატის აზრით, გაუგებარია რა სამართლიანობაზე საუბრობს ხელისუფლება მაშინ, როცა აქლემის ქურდად ჰყავს პრეზიდენტიც და პარლამენტის ვიცე-სპიკერიც.
“პრეზიდენტის ქურდობის დამადასტურებელი დოკუმენტები პარლამენტში წარმოგიდგინეთ“, - აღნიშნა ბაღათურიამ და დაამატა, რომ მან 187 გვერდიანი მასალები გააჩნია, რომელიც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობას ადასტურებს.
“დღეს საქართველოში აქლემის ქურდები ნემისის ქურდებს იჭერენ” – განაცხადა ბაღათურიამ.
იგი პირობას იძლევა, რომ როდესაც მისი პარტია ოქტომბერში ახალ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს და საპენსიო რეფორმის შესახებ პროექტს აუცილებლად მიიღებს.