რუსული მედიის ინფორმაციით, ოქროსმომპოვებელმა კომპანია “ჯეოპრო მაინინგმა“, რომელიც ქართველი დეპუტატისა და ბიზნესმენის კობა ნაყოფიას სახელს უკავშირდება, თავის მფლობელობაში მყოფი კომპანიები „მადნეული“ და „კვარციტი“ გაყიდა. „ჯეოპრო მაინინგის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ლაშა ახალაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ გაყიდვის ხელშეკრულება 14 ივნისს გაფორმდა და მფლობელი საერთაშორისო კომპანია გახდა, თუმცა ახალაძე მფლობელის ვინაობას არ ასახელებს.
ახალაძის განცხადებით, ახალი კომპანია გააგრძელებს მუშაობას ოქროს მოპოვებაზე და კიდევ უფრო გააფართოვებს საქმიანობას. „მადნეულსა“ და „კვარციტში“ კი აცხადებენ, რომ კომპანიებში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
„ჯეოპრო მაინინგი“ რომელიც რუსეთის ბიზნესჯგუფ „პრომიშლენნი ინვესტორის“ შემადგენლობაში შედის, „მადნეულისა“ და „კვარციტის“ მფლობელი 2007 წელს გახდა. რამდენიმე თვის წინ, ენერგეტიკის სამინისტრომ „ჯეოპრო მაინინგს“ ბოლნისში ოქროს მოპოვების ლიცენზია ჩამოართვა და აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, მიზეზად კი შეუსრულებელი ვალდებულებები დაასახელა.