სერგო ჩაჩიბაიას თავისუფლების  4 წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა

სერგო ჩაჩიბაიას თავისუფლების 4 წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, სერგო ჩაჩიაბაის სასამართლომ თავისუფლების  4 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. 2 თვიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ბრალად ხულიგნობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცივი იარაღის ტარება ედება.

დაკავებულის ადვოკატი, შალვა შავგულიძე მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

„გადაწყვეტილება არის უკანონო. ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებებს. ასევე მოსამართლემ წარმოდგენილი მტკიცებულებების აბსოლუტურად არაობიექტური, ტენდენციური შეფასება მოახდინა ბრალდებულის საზიანოდ“, - განაცხადა შავგულიძემ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია კი სასამართლოს პროკურატურისა და პოლიციის დანამატად აფასებს.

„სააკაშვილის ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნას აგრძელებს. უსამართლობა ოქტომბერში დასრულდება, სერგო ჩაჩიბაის ადგილს ისინი დაიკავებენ, ვინც კანონზე მაღალა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესს აყენებენ", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

სერგო ჩაჩიბაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც მის  შესაძლო დაკავებაზე საუბრობდა.