„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი ორიოდე დღის წინ შსს-მიერ პოლიციელის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე, სამართალდამცველებს დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.
სესიაშვილის განცხადებით, რამდენადაც ეს ყველაფერი გამოგონილი ბრალდება, შეთითხნილი საქმე და მათი ფანტაზიის საგანია, ლოგიკურია, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები მათ ძალიან კარგად იციან.
შესაბამისად, სესიაშვილის მოსაზრებით, მისი დაკითხვა აზრს კარგავს, რადგან „მათი საქმე აირდაირევა“.
„საქმეში არის ადამიანი ოპერატიული პოლიციის სამსახურის თანამშრომელი ლაშა კურტანიძე, რომელსაც გარკვეული პროვოკაციის მოწყობის მცდელობა აიძულეს, ამ პროვოკაციის შესახებ დაწერა და შემდეგ გაიქცა, მეორე არის ჩემი მეგობარი ზაზა ჭელიძე, რომელსაც როგორც ჩანს, საკუთარი თავის წინააღმდეგ, ადვოკატის გარეშე იძულებით მიაცემინეს ჩვენება, რაც თავისთავად ეჭვს ბადებს, რომ ეს ჩვენება იძულებითაა მიცემული და მესამე პირი ვარ მე, რომელიც ვითომდა ამ ყველაფრის შემკვეთი უნდა ვიყო, მაგრამ რამდენადაც ბუნებაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ვერც იარსებებს, იმიტომ რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მე არ მეძახიან. თუ გამომიძახებენ ცხადია ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი შეთითხნილია ამიტომ, ფაქტობრივად არანაირი მოწმე არ ეყოლებათ, არანაირი ფაქტი არ ექნებათ გარდა იმისა, რომ ადამიანი საკუთარ თავის წინააღმდეგ აღიარებით ჩვენებას იძლევა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ზაზა ჭელიძე პოლიტიკური პატიმარია.
„იმიტომ რომ ის ჩემი გულისთვის, ჩემი დისკრედიტაციისთვის დაიჭირეს და შევეცდები ჩემი მეგობარი დავისხნა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება, გაუჩინარებულ პოლიციელს სესიაშვილი აცხადებს, რომ ამ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს და ცხოვრებაში არ უნახავს. შესაბამისად, აღნიშნავს, რომ უცხო ადამიანზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, შს სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ზაზა ჭელიძემ პოლიციელი ლაშა კურტანიძე მოისყიდა და პოლიციელების განწყობების და შეხვედრების ფარული გადაღება მოსთხოვა. შსს-ს ცნობით, ჩანაწერის სანაცვლოდ, ჭელიძემ კურტანიძეს ირაკლი სესიაშვილისგან მიღებული კონვერტი გადასცა, რომელშიც 3 ათასი დოლარი იყო. ჩვენებაში ჭელიძე ყვება, რომ კურტანიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი სესიაშვილს გადასცა.