პროფესორთა დაცვის ლიგის განცხადება

პროფესორთა დაცვის ლიგის განცხადება

ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ განვლილმა პერიოდმა და არსებული ხელისუფლების მიერ გატარებულმა ვითომ-რეფორმებმა კიდევ უარეს ჩიხში შეიყვანა განათლების და მეცნიერების სისტემა. ყოველწლიურად სულ უფრო უარესდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა ცოდნის დონე, განათლების ხარისხი და ნამდვილი განათლებისადმი მიღების ლტოლვა, კატასტროფულად შემცირდა მეცნიერების დაუფლების მსურველთა ოდენობა.

ხელისუფლებამ უმაღლეს სასწავლებლებში შექმნა ე.წ. ბობოლა სტუდენტთა ჯგუფები, რომლებიც თვითმართველობებშია გაერთიანებული და დაუმსახურებელი პრივილეგიებით სარგებლობს, იღებს დაფინანსებას, გრანტებს, სტიპენდიებს, სამსახურს უმაღლესის დამთავრების შემდეგ, აკეთებს კარიერას და ა.შ.

ამ პატარა კარიერისტებს არაფერი ეროვნული აღარ სცხიათ. მათი მთავარი მიზანი ხდება მიიღონ თანამდებობები და მიაღწიონ კეთილდღეობის მაღალ დონეს. ამავე სულისკვეთებით იზრდებიან უკვე სკოლის მოსწავლეებიც, რომელთა ბედი ხშირად ხელისუფლებასთან ჩახუტებული დირექტორებისა და მანდატურების ხელშია.

ძვირფასო პედაგოგებო და კოლეგებო! ქართველ პედაგოგთა და პროფესორთა ეროვნულობა კომუნისტებმაც ვერ გატეხეს და ამას ვერც მგლის ქურქში გადაცმული ნაციონალები შეძლებენ.

მოგიწოდებთ, რომ დროულად გააკეთოთ არჩევანი და ჩვენი ახალგაზრდების მომავალი ეჭვქვეშ აღარ დავაყენოთ – ისინი უნდა გამოვტაცოთ ჩვენს კოსმოპოლიტ მმართველებს, რომლებიც ბავშვების გონებას ყველანაირი სისულელეებით წამლავენ.

ახლა არდადეგები იწყება. გამოიყენეთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და თქვენს უბანში, სოფელში თუ ქალაქში, სკოლაში თუ უმაღლეს სასწავლებელში არჩევნებამდე გასწიეთ სათანადო სამუშაო, რომლის შედეგი იქნება ოქტომბერში ახალი ხელისუფლების მოსვლა საპარლამენტო არჩევნების გზით და ნამდვილი განათლებისა და მცოდნე, ზნეობრივ ადამიანთა წინა პლანზე წამოწევა.

მხარი დაუჭირეთ რეალურ ეროვნულ ძალას – ბიძინა ივანიშვილის კოალიციას.