ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ უკანონოდ ჩამორთმევაში მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას და დავით ბეჟუაშვილს ადანაშუალებს და სარჩელის შეტანას ბრიტანეთის სასამართლოში აპირებს.
ამის შესახებ განაცხადება დღეს „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხარტიშვილის ადვოკატებმა თემურ მამასახლისმა და საიმონ ფაჯეთბრაუნმა გააკეთეს. „სარჩელების მომზადება დასრულების პროცესშია და იგი უახლოეს მომავალში როგორც ქართულ სასამართლოში, ამავდროულად, საერთაშორისო სასამართლოში, შესაძლოა, ბრიტანეთში შევიდეს. სარჩელში ორი მიმართულებით მივდივართ. ერთია ტელეკომპანია “მზის” ვანო ჩხარტიშვილისთვის დაბრუნება და მეორე, კონკრეტული თანამდებობის პირების სააკაშვილის, ბეჟუაშვილისა და უგულავას მოპასუხეებად დაყენება“,- განაცხადა პრესკონფერენციაზე თემურ მამასახლისმა. ადვოკატების თქმით, სააკაშვილის, უგულავასა და ბეჟუაშვილის ბრალეულობის დასამტკიცებლად უამრავი მტკიცებულება გააჩნიათ.
ვანო ჩხარტიშვილს მარტო ქართული სასამართლოს იმედი არ აქვს და აცხადებს, რომ ევროპული სასამართლო მეორე მხარეს სოლიდურ ფინანსურ სანქციებს დააკისებს.
„პარალელურ რეჟიმში საქმის წარმოებას საერთაშორისო სასამართლოებშიც დაიწყება. მჯერა, რომ საერთაშორისო სასამართლო მათ სოლიდურ ფინანსურ სანქციებს დააკისრებს, ამოღებული თანხა კი თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება. აქვე მინდა, დავაფიქსირო, რომ ეს არ არის რიგითი ქონებრივი დავა, რომლის უკან კერძო ინტერესი დგას“,-აცხადებს ბიზნესმენი.