კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მეწარმე სუბიექტების მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით კოალიციამ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამი სახის - პოლიგრაფიული, სატრანსპორტო და სარეკლამო მომსახურებისათვის ტენდერი გამოაცხადეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ კი ამ პროცესში კომპანიათა მაქსიმალური ნაწილი არ მიიღებს მონაწილეობას, დადასტურდება, რომ ხელისუფლება გარკვეულ ბერკეტებს იყენებს კომერციული სტრუქტურების მიმართ. აღნიშნულ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ამა წლის 27 მაისს დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია უამრავი ღონისძიება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მზად არის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დახმარება გაგვიწიოს ჩვენს საქმიანობაში, არის ორგანიზაციული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც გარკვეული მომსახურების მიღების გარეშე შეუძლებელია.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებმა ვერ გაბედონ ჩვენთან ამ საკითხებში თანამშრომლობა, ან თუ გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან. შესაბამისად, როდესაც მივმართავთ ამა თუ იმ კომპანიას მომსახურების მიღების მიზნით, ისინი ან პირდაპირ უარს გვეუბნებიან, ან გვთავაზობენ საბაზროზე რამდენჯერმე მაღალ ფასებს. ის კომპანიები კი, რომლებიც მიუხედავად ზეწოლისა გვაწვდიან მომსახურებას საბაზრო ღირებულებით, ცხადდებიან დაკავშირებულ პირებად და ყოვლად წარმოუდგენელი თანხებით ჯარიმდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი იმდენად კარგად ჩანს, რომ მტკიცება არ სჭირდება, ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ასეთი ტიპის უკანონონო ქმედებებს და ცდილობს ჩვენთვის მაქსიმალური პრობლემების შექმნას.
ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს მიერ გამოცხადდება ტენდერი მომსახურების მიღების მიზნით სამი მიმართულებით – პოლიგრაფიული მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, სარეკლამო მომსახურება. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ სტრუქტურას. ჩვენს მიერ მიღებულ იქნება საუკეთესო წინადადებები და საზოგადოებას ეცნობება შედეგების შესახებ.
მოხარული ვიქნებით, თუ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს კომპანიათა მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება იმის დადასტურება, თუ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება კომერციული სტრუქტურების მიმართ, რომელთა ერთადერთი კანონიერი მიზანი მოგების მიღება უნდა იყოს და არა ხელისუფლების პოლიტიკური დირექტივების აღსრულება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.