საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკალაურმა ოპოზიციურ ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ ბალალაიკა უწოდა.
წიკლაურის შეფასებით, დღევანდელ განხილვების დასაწყისში, ფრაქცია „ბალალაიკამ“ პარლამენტს ახალი სტრატეგია შესთავაზა, რომელიც თითქოსდა რეგიონების პრობლემების მოსაგვარებლად არის მიმართული.
„რამდენად კარგად იცნობენ ისინი საქართველოს რეგიონებსა და მის პრობლემატიკას, ძალიან კარგად ჩანს მათივე ლიდერის გამონათქვამიდან, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს „სამცხე-მთიანეთი“ უწოდა. ეს მართლაც გაუგონარი სიტყვათ შეთანხმებაა და გაუგონარი ადგილია, რომელიც არავინ იცის თუ სად მდებარეობს საქართველოში“, – აღნიშნა წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, ცოტა ხნის წინ ნგრევის ერთ-ერთმა აპოლოგეტმა თქვა რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხიდებსა და კომუნიკაციებს დაანგრევს.
„ეს იყო მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. როცა არჩევანია ნგრევასა და აშენებას შორის, ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმ არჩევანს გააკეთებს, რომელსაც გააკეთებს“, აღნიშნა წიკლაურმა.
მანვე დასძინა, რომ ფრაქცია „ბალალაიკა“, ისევე როგორც სხვა ფრაქციები სოციალური პოპულიზმით არიან დაკავებული.
„ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რომ თქვენი პოლიტიკური დაცემის მოახლოება ამ არარაციონალურ აზროვნებას ბადებს. ელოდეთ, რომ ოქტომბერში ქართველი ხალხი განაჩენს გამოგიტანთ“,- აღნიშნა წიკლაურმა.