მანანა ნაჭყებია:დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას  მავნებლებთან ბრძოლაში შველა უნდა და არა სატელევიზიო პიარი

მანანა ნაჭყებია:დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მავნებლებთან ბრძოლაში შველა უნდა და არა სატელევიზიო პიარი

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ სატელევიზიო პიარი კი არა, რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით,  მცენარეული საფარი ნადგურდება და მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩება .

ნაჭყებიას განცხადებით, ამერიკულმა „თეთრმა პეპელამ“, „ოქროკუდამ“ გასულ წლებში მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ამიტომ ჩვენ ვითხოვდით ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს წელს მაინც დროულად და ეფექტურად ეზრუნა, რომ ამ მავნებლებს ზიანი არ მიეყენებინათ მოსახლეობისთვის.

„ხელისუფლებამ ამას თითქოს ძალების მობილიზებით უპასუხა, თითქოს ფოთში საგანგებო შტაბიც შექმნა, მაგრამ რეალურად სახეზე გვაქვს კვლავ მხოლოდ სატელევიზიო პიარი, ვირტუალურად არსებული შტაბი და შესაბამისი ორგანოების არაეფექტური საქმიანობა იმ მართლაც მასშტაბური უბედურების წინააღმდეგ, რაც ამ მავნებლებს მოაქვს მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის ვითარება ასეთია: მავნებლები მოდებული არიან მცენარეებს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, აჭარაში და მასობრივად ანადგურებენ მათ, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა კი რამდენიმე რაიონში ლოკალური შეწამვლით და მოსახლეობისთვის შხამ-ქიმიკატის დარიგებით ამოიწურება. თავად სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია კი მის მიერ ზარ-ზეიმით გახსნილი შტაბის საქმიანობით არც დაინტერესებულა და არც ადგილებზე რეალურ ვითარებას გასცნობია“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, მოსახლეობა მართლაც უკიდურეს მდგომარეობაშია, ის შიშით ელოდება მავნებლების განვითარების მესამე ფაზას, როდესაც ისინი უკვე მცენარეებიდან მათ ოჯახებში მოხვდებიან და დაუბინძურებენ წყალს, საკვებს, შეუქმნიან სხვა ყოფით პრობლემებს, ხოლო ხეხილი და სხვა მოსავალი აბსოლუტურად განადგურებული იქნება.

„ამ ეტაპზე მავნებლების გავრცელებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ჰაერშეწამვლითი გზით ან შხამ-ქიმიკატის შეფრქვევის სხვა ეფექტური ფორმის გამოყენებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

„ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა გოროზიას, იმოქმედოს და შეასრულოს თავის სამსახურებრივი მოვალეობა.  დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შველა უნდა და არა  სატელევიზიო პიარი.