პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მოქალაქეების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
From.ge „ქართული ოცნების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 17 ივნისს, ტელეკომპანია „მაესტრო“-ს არხზე გავიდა სტუდიო GNS-ისა და ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟი“ ზვიად ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით. ზვიად ხვედელიძე შსს-ს კუდ-ის მიერ, იძულების გზით, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის - „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში იქნა ჩანერგილი. ზვიად ხვედელიძის ერთ-ერთი მისია თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, თანამშრომლობაზე დათანხმების შემდეგ, ზვიად ხვედელიძემ მომხდარის შესახებ ზურაბ გამეზარდაშვილს აცნობა, გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და საქართველო დატოვა.
2012 წლის 18 ივნისს, სარწმუნო წყარომ კოალიციას აცნობა, რომ მოცემული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, კუდ-ის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსი - ზურაბ ლალიაშვილი და კუდ-ის ლაგოდეხის ჯგუფის უფროსი - თამაზ ჯავახიშვილი თავისთან დაიბარა და უშვერი სიტყვებით შეამკო იმის გამო, რომ ზურაბ გამეზარდაშვილმა კუდ-ის აგენტი ქალბატონის „გაშიფვრა“ შეძლო და ასევე სააშკარაოზე გამოიტანა ინფორმაცია ზვიად ხვედელიძის კუდ-თან თანამშრომლობაზე იძულების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, კახეთის კუდ-ის ამ შეცდომების შესახებ დათა ახალაიამ ნანა ლეჟავას სიუჟეტიდან შეიტყო. იმავე წყაროს თანახმად, დათა ახალაიამ პირდაპირ დაავალა ზურაბ ლალიაშვილსა და თამაზ ჯავახიშვილს ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავება იარაღის ჩადების ან სხვა გზით და, საჭიროების შემთხვევაში, ზურაბის შვილის - 22 წლის ნიკოლოზ გამეზარდაშვილის დაკავებაც მოითხოვა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ აფრთხილებს ხელისუფლებას და ზურაბ გამეზარდაშვილისა და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური დევნისგან თავის შეკავებას ურჩევს.
დღესვე, კუდ-ის ხელმძღვანელის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შესახებ მიღებული ინფორმაცია კოალიციამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნა და მისგან, პრევენციის მიზნით, რეაგირება მოითხოვა. იგივე ინფორმაცია მიეწოდათ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.