ახვლედიანი -  მიშა პოლისი, ე.წ. ლაზიკა შეიძლება 10 მილიარდი დაჯდეს

ახვლედიანი - მიშა პოლისი, ე.წ. ლაზიკა შეიძლება 10 მილიარდი დაჯდეს

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის შეფასებით, მიშა პოლისი – ე.წ. ლაზიკა რამდენიმე წელიწადში  შეიძლება 10 მილიარდი დაჯდეს.

აღნიშნული განცხადება ახვლედიანმა დღეს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და პრეზიდენტის მიერ „ქრისტიან-დემოკრატების“ მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

ახვლედიანის თქმით, ბოლო ერთი კვირაა ისმის კითხვა,  რომელი გაფუჭებული კალკულატორით თუ  კომპიუტერით მოხერხდა „ქრისტიან დემოკრატების“ დაპირებების დათვლა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატები ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომ უკვე 10 მილიარდიანი თამასუქები გასცეს.   

„ჩვენც გვინდოდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დაგვერეკა და ეს კითხვა დაგვესვა, მაგრამ სამწუხაროდ ის ტელეფონს არ აიღებს და ამაზე პასუხი საერთოდ არა აქვს საიდან გაჩნდა 10 მილიარდიანი დაპირებები და პოპულიზმში დადანაშაულება. სხვათაშორის, ჩვენ ძალიან მიზანმიმართული დაპირებები გვაქვს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

მან დაასახელა ომის ვეტერანები და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები, რომელთა პრობლემის გადაჭრა ნამდვილად არ ჯდება  10 მილიარდი.

ახვლედიანმა დევნილებისთვის გადაცემული ბინებიც გაიხსენა, რომლის დაკანონებაც არ ხდება.  

„უკაცრავად მაგრამ მაინტერესებს 10 მილიარდი ჯდება 100 კილოვატი ელექტროენერგია, რომ მივცეთ უფასოდ დევნილებს? არ ჯდება 10 მილიარდი. როგორც გიორგი თარგამაძემ  თქვა 10 მილიარდი შეიძლება დაჯდეს  მიშა პოლისი – ე.წ. ლაზიკა. ეს, რამდენიმე წელიწადში  ნამდვილად შეიძლება დაგვიჯდეს 10 მილიარდი. ეს ნამდვილად არის პოპულიზმი“, – აღნიშნა ახვლედიანმა.