პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ კოალიციის პრიორიტეტებზე და საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრა.
ალასანიას განცხადებით, კოალიცის წევრები და ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასთან მასშტაბურ შეხვედრებს აწარმოებენ, თვითონ კი, განსაკუთრებულად დიდ დროს სამეგრელოს მხარეს უთმობს.
ის გურიაში გამართული „ქართული ოცნების“ აქციით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ შეკრებილი ასეულ ათასობით მოქალაქეების სოლიდარობა იმის დამადასტურებელია, რომ ქართული საზოგადოება ცვლილებებს, ცვლილებებს პარლამენტში ითხოვს.
ალასანიას განცხადებით, ყველას უნდა მრავალპარტიული, დაბალანსებული პარლამენტი დაინახოს და არა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, როგორიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
ალასანია დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი საქართველოს მართლაც, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში.
რაც შეეხება, კონკრეტულად „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებს, ალასანიას თქმით, ეს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, განათლება და სოციალური თემებია.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს. ძირითადად კი, განადგურებულ სოფლის მეურნეობაზე. ბოლო რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად განადგურდა. ეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი არ იყო შედეგად, 80% სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ქვეყნის გარედან შემოგვაქვს. გლეხები და ფერმერები უმუშევრები არიან. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ სოფლის მეურნეობაში მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთ და ამ სფეროს წელში გავმართავთ. დავიბრუნებთ როგორც შიდა ბაზარს ასევე, ჩვენს ტრადიციულ ბაზრებს.
განათლება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყველა სოფელში უნდა იყოს მინიმუმ დაწყებითი კლასის სკოლები იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ განათლებას აძლევს ჩვენს შვილებს არამედ, მოსახლეობას რეგიონებში აკავებს. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე. ბოლო თვეების განმავლობაში, 250 - ზე მეტი სოფელი მოვიარე და ისეთ განცდა მრჩება, რომ სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალის ირგვლივ ვითარდება. როგორც კი გახვალ 100 მეტრის იქით, ნახავ რომ იქ გზების, წყლის გაზის და სხვა პრობლემებია“, - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობას სწორედ ამ პრობლემების მოგვარების ალტერნატივას სთავაზობს.
ალასანიას მტკიცებით, მათ ამ ინიციატივების განხორციელების კონკრეტული გზები აქვთ დასახული.
მისი განცხადებით, ყველა მათი პროგრამა ფინანსურად დასაბუთებულია.
„პირველ რიგში, საბიუჯეტო სახსრების სწორი ხარჯვა იქნება მოწესრიგებული. მოისპობა მონოპოლიები, დამარცხდება კლანური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში. სამეგრელოს მმართავს რამდენიმე კლანი მათ შორის, ახალაიების და გოროზიების. ეს კლანური მმართველობა დასრულდება. სივრცე გაეხსნება მცირე და საშუალო ბიზნესს და სამუშაო ადგილები რეალურად გაჩნდება“, - განაცხადა ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.