"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის წევრების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.
ბაღათურიას თქმით, საბიუჯეტო სახსრები პარლამენტის წევრების დროსტარებაზე იხარჯება.
ერთ-ერთ მაგალითად ბაღათურიამ შარშან, სექტემბერში, კლაიპედაში დეპუტატების მოგზაურობა დაასახელა.
„კლაიპედაში ორკვირიანი დესანტი როცა იყო გადასხმული. მე მაქვს პარლამენტისა და მთავრობისთვის სამარცხვინო ფოტომასალა, თუ რითი ერთობოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე პარლამენტის წევრები და კონკრეტული მინისტრები, როგორ ფლანგავდნენ, ხალხის ფულს და როგორ არცხვენდნენ ისინი სახლელმწიფოს. როცა მინისტრი და და პარლამენტის წევრი საზღვარგარეთ იმყოფება, როგორც ოფიციალური პირი და არაფხიზელ მდგომარეობაში სამარცხვინოდ იქცევა, სრულიად აღმაშფოთებელია”, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
"ქართული დასის" ლიდერს დავით ბაქრაძემ უპასუხა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მას კონკრეტული მივლინებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა ურჩია და აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაცია ყოველთვის ღიაა.