პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად განკუთვნილი 7 დღიანი ვადა დღეს, დღის ბოლოს ამოეწურება.
როგორც კონტროლოს პალატაში განმარტავენ, სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილება ოფიციალურად 12 ივნისს არის დაფიქსირებული და სწორედ ამიტომ, ჯარიმის გადახდის ვადა არა 18 ივნისს, არამედ 19-ში, დღის ბოლოს იწურება.
ამასთან, კონტროლის პალატა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რას აპირებს ვადის ამოწურვის შემდეგ. საქალაქო სასამართლოს მიერ მიცემული 7-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტროლის პალატამ სასამართლოს აღსრულების ფურცლით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც პროცედურულად საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
აღსრულების შესახებ კანონის თანახმად, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთვება, ამ შემთხვევაში აღსრულების შესაბამისი უწყების სასარგებლოდ დაჯარიმებულ პირს დამატებით ჯარიმის თანხის 7% -ის გადახდა ეკისრება. გარდა ამისა, აღსრულებლის ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაკისრებული თანხა უძრავი ქონების დაყადაღებითა და შემდეგ აუქციონის წესით გაყიდვით ამოიღოს, ან დაჯარიმებული პირის პირადი ანგარიშები დააყადაღოს.
აღსრულების ბიუროში აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის განცხადება მათთან ჯერ-ჯერობით არ შესულა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, ის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 22 მლნ 429 ათას 941 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა და ჯარიმა გაანახევრა.