მსოფლიო ევროპას და მის პროტექციონიზმს აღარ ენდობა

მსოფლიო ევროპას და მის პროტექციონიზმს აღარ ენდობა

მექსიკურ ლოს-კაბოსეში შეკრებილი „დიდი ოცეულის“ ყველაზე დიდი თავსატეხი ისევ ევროპის კრიზისი აღმოჩნდა. ევროპა კი ფიქრობს, რომ ეს არა მარტო მისი პრობლემა, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

„მე ველოდები, რომ G20-ის ლიდერები მხარს დაუჭერენ ევროპას და ნდობას გამოხატავენ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რისი მიღებაც ჩვენ უახლოეს მომავალში გვინდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სიძნელეები მხოლოდ ევროპელებს არ აქვთ, მას გლობალური ხასიათი გააჩნია“,-განაცხადა ევროკომისარმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

Euronews-ის ინფორმაციით,  მსოფლიო ეჭვით უყურებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, საბერძნეთი დაწყნარდა, თუმცა ახლა მადრიდის და რომის ჯერია. „დიდი ოცეული“ კრიზისის მოსაგვარებლად ევროპისგან კონკრეტული გეგმის დადებას ითხოვს, რომელშიც კონკრეტულად იქნება მითითებული, როგორ გაექცნენ ევროპელები პროტექციონიზმს და როგორ შექმნან სამუშაო ადგილები.

 „ფინანსური ბაზრები და კორპორაციები აღარ ენდობიან იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებენ და ახორციელებენ ევროკავშირის ქვეყნები. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ასეთი ზომების მიღება საკამრისი არ არის, საჭიროა სხვა ქმედებების განხორციელება“,-განაცხადა ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა გვიდო მანტეგამ.