კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვაჩეიშვილი განცხადებაში ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გარშემო გამოთქმულ შენიშვნებს პასუხობს.
"ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გარშემო მრავალი მიკერძოებული შენიშვნა გამოითქმის. საპირისპიროს ამტკიცებს რეალობა - არსებული პროექტი და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. დაინტერესებული ადამიანებისთვის მოგვყავს რეალური მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ პირიქით, ის, რაც ვითომ "გამორჩათ" რესტავრატორებს - მათი უმთავრესი შრომის საგანია. მაგალითად, საუბარი იმაზე, თითქოსდა "არ იყო მხედველობაში მიღებული არქეოლოგიური ფენები"…მე-20 საუკუნის შემდგომ, ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების განახლებული ეტაპი 2005 წელს დაიწყო. ფიზიკური ინტერვენციების დაწყებამდე მოხდა ძეგლის სრული არქეოლოგიური შესწავლა, სრულად გაითხარა, დოკუმენტირდა, აიზომა, სტრატიგრაფიულად აიგეგმა და ლაზერული სკანერით დასკანერდა მთელი ინტერიერი. მსგავსი ხარისხის დოკუმენტირება, ამგვარი მრავალფენიანი და ინტენსიური არქეოლოგიის გათვალისწინებით, ბევრ ძეგლს არ აქვს მსოფლიოში.", - ნათქვამია ვაჩეიშვილის განცხადებაში.
სააგენტოს ხელმძღვანელი არ ადასტურებს ინფორმაციას რკინა-ბეტონის ძელების მიერ არქეოლოგიური ფენების დიდი ნაწილის განადგურებასთან დაკავშირებითაც და ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ტაძრის გამაგრებისთვის აუცილებელმა რანდკოჭებმა, ქართველი არქეოლოგებისა და კონსტრუქტორების დიდი მონდომებით, დანაკარგის მინიმალიზაციისთვის, მათი მაქსიმალურად გადასარჩენად, არქეოლოგიური ინტენსიური ფენების ქვეშ გაიარეს.
აღნიშნული არქეოლოგიური ფენების პრეზენტირება ინტერიერში ინ სიტუ იგეგმება პროექტის II ეტაპზე, დასავლეთ ნაწილში სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცესთან ერთად, რაც ერთიანობაში წარმოგვიდგენს ბაგრატამდელი და მისი აღმშენებლობის მრავალსაუკუნოვან, უწყვეტ ისტორიას.
რაც შეეხება იმას, თითქოსდა ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაო არ იყო დაფუძნებული არსებული ქსოვილის/ტექსტურის კონსერვაციაზე, ვაჩეიშვილი განმარტავს, რომ ტაძრის სხეული (თითოეული ქვა, ბზარი, პროფილი და სხვა) სამუშაოების დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში აიზომა ხელახლა (ლაზერული სკანერითაც და ტრადიციულად, თარაზოთი და ჭოკებით, სიზუსტისათვის) და მეტიც, კედლების შიგნით უხილავი სიცარიელეების დასადგენად და სამკურნალოდ გამოყენებულ იქნა უნიკალური მეთოდი-გეორადარით დიაგნოსტიკა.
ამასთან, შემოწმდა X-XI და XX საუკუნეების კედლების შიდა სტაბილურობა, სიცარიელეების რაოდენობა და კვადრატული მეტრობით სკურპულოზულად დახასიათდა. ეს ადგილები იქნა პირველ რიგში ნამკურნალები - ინექტირება, დამაგრება, კონსერვაცია, ისე, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა სიძველის ფიზიკური მდგომარეობა. დღეს, როცა ტაძარს ვუყურებთ, მის სხეულში მთავარი სწორედ ეს ნაწილებია - ძველი, XI საუკუნის არქიტექტურა. ასე რომ, ტყუილია იმის მტკიცება ძველი კედლები დაანგრიეს და დაფარესო,"- ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ვაჩეიშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას პროექტირებისას მოპოვებული 400 ჩამოცვენილი ქვიდან რესტავრაციაში მხოლოდ ორის გამოყენების თაობაზეც და განმარტავს, რომ 400-მდე ჩუქურთმიანი და საკვანძო არქიტექტურული ინფორმაციის მატარებელი ქვა ბრუნდება არა მხოლოდ ახალ, არამედ XX საუკუნის ნაწილებშიც.
"2005-2006 წლებში საპროექტო კვლევამ აჩვენა მიმობნეული და ახლად მოპოვებული 400-ზე მეტი ქვის თავდაპირველი მდებარეობა თავდაპირველ ტაძარში. სამუშაოების პრინციპული საკითხი იყო (და არის) მათი დაბრუნება თავდაპირველ ადგილას. ამ 400-მდე ჩუქურთმიანი და საკვანძო არქიტექტურული ინფორმაციის მატარებელი ქვა ბრუნდება არა მხოლოდ ახალ, არამედ XX საუკუნის ნაწილებშიც, სადაც იმ დროისათვის ამ ქვათა ადგილმდებარეობა დაუდგენელი და, შესაბამისად, ადგილმიუჩენელი იყო. ამ ქვათა წყალობით დადგინდა გუმბათის სარკმლების რაოდენობა, კედლის სისქე, მამკობი თაღნარის პროპორცია და მოხაზულობა და სხვ. აღდგენა ამ ფასდაუდებელ ინფორმაციას დაეფუძნა. ამგვარად, ტყუილია იმის მტკიცება ძველი ქვები არ გამოუყენებიათო", - აცხადებს ვაჩეიშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ახალი ქვით მოპირკეთების გამო ავთენტური ქვის წყობის უმეტესი ნაწილის დაფარვასთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ პირიქით, პროექტში ნათლად ჩანს, რომ ახალი ნაწილები ემსახურება ძველის წარმოჩენას, მათ პრეზენტირებას, როგორც ვიზუალურად, ისე კონსტრუქციულად.
"ძველი ქვის წყობა, როგორც თავდაპირველი, ასევე მე-20 საუკუნის რეკონსტრუქციის დროინდელი, ინტგეგრირებული, წარმოჩენილი და დაკონსერვებულია რეაბილიტირებულ კედლებში. მით უმეტეს, რომ იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად ინტერიერი გაულესავი რჩება და დამთვალიერებელს ექნება საშუალება, სრულად იხილოს ბაგრატის არქიტექტურის ყველა ფენა, უძველესიდან უახლესის ჩათვლით", - აღნიშნულია ვაჩეიშვილის განცხადებაში.
რაც შეეხება კიდევ ერთ არაოფიციალურ ცნობას, თითქოსდა ორიგინალური ქსოვილის/ტექსტურის მოპირკეთება თანამედროვე ქვით რკინა-ბეტონის საფუძველზე შეუქცევად აზიანებს ორიგინალური/ისტორიული სტრუქტურის ავთენტურობას და, ასევე, მოსპობს ყოველგვარ ისტორიულ მტკიცებულებას წარსული ინტერვენციებისა, რომელიც ისტორიის ნაწილს წარმოადგენს, ვაჩეიშვილი უარყოფს და ამტკიცებს, რომ პირიქით ხდება.
"სამუშაოები მიმართულია იმისკენ, რომ შენარჩუნდეს ძველი ტექსტურა/ქსოვილი და რომ ახალ ნაწილებში მკაფიოდ გამოიყოს ხნოვანი, კონსერვირებული და გამაგრებული XI საუკუნისა და XIX-XX საუკუნის ჩარევები და რომ ბაგრატის ტაძარი წარმოადგენს ერთგვარ `ქრონოლოგიურ მუზეუმს" X_XI, XIX და XX საუკუნეების ერთიან მთელს, XXI საუკუნეში დამატებული ორი კომპონენტით _ 1994 წელს იუნესკოს მიერ მოწონებული გეზით უეჭველი მოხაზულობების აღდგენისა (აღმოსავლეთი მხარე) და, იქ, სადაც მოხაზულობები ბუნდოვანია, არქეფაქტები კი მცირერიცხოვანი _ იმიტაციის თავიდან ასაცილებლად _ თანამედროვე კონსტრუქციებით შევსებით (დასავლეთი მკლავი). სწორედ სიძველის შესანარჩუნებლად, დასაცავად და წარმოსაჩენად ტაძრის სრულ სხეულში განხორციელდა ბაგრატის რესტავრაციის პროექტი, ძველის მიჩქმალვა და არაფრად ჩაგდება რომ გვდომოდა ახალ ტაძარს ავაშენებდით. ბაგრატის პროექტით მოხდა საუკუნოვანი ისტორიისა და მომავლის დაკავშირება", - აცხადებს ვაჩეშვილი.
ბაგრატის პროექტმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ძველის შენარჩუნება, კონსერვაცია, პრეზენტირება ახალში, აღდგენილი საეკლესიო ფუნქციით.
"საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო ექსპერტების ძალისხმევამ და მაღალი ხარისხის თანამშრომლობამ შექმნა პრეცედენტი დაძლეულიყო დილემა: `ნანგრევის კონსერვაცია" (მას დღესაც ყავს მომხრეები, რომლებიც თვლიან რომ ნანგრევად უნდა დარჩენილიყო მტრის მიერ დაქცეული ტაძარი) თუ ძველის ხარჯზე რეკონსტრუქცია-განახლება. ბაგრატის პროექტმა აჩვენა, რომ შესაძლებელია მესამე, ძალზე რთული გზის გავლა - მრავალმხრივი, რთული ამოცანის გადაჭრით - ძველის შენარჩუნება, კონსერვაცია, პრეზენტირება ახალში, აღდგენილი საეკლესიო ფუნქციით. ამ ამოცანათა გადაჭრით ბაგრატის ტაძარი, ვფიქრობთ, მსოფლიოში გამორჩეული პრეცედენტია", - განმარტავს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.