არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის შეფასებით, ნებისმიერი ძეგლის რესტავრაცია ჩვეულებრივი და ამავე დროს აუცილებელი მოვლენაა, მაგრამ ღონისძიებების იმ ფორმას, რა მიმართულებითაც ხელისუფლება ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციას ახდენდა, მიუღებლად და გაუმართლებლად მიიჩნევს.
როგორც ბათიაშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ასეთი პროცესების განსახორციელებლად არსებობს ერთადერთი სტანდარტი, რომელიც ძეგლთა დაცვის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამიტომ მისი თქმით, დაუშვებელია ყველამ თავისი ჭკუით და სურვილით მიუდგეს აღნიშნულ პროცესს.
„ბაგრატის ტაძარი მსოფლიოს კულტურის ძეგლია. ის რაც ძეგლთა კატეგორიაში გავიდა უკვე არ ეკუთვნის მარტო იმ ქვეყანას, სადაც ის არის აშენებული. ეს უკვე მსოფლიო კულტურის ობიექტია. მასზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი იუნესკოს კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს“, - აცხადებს ბათიაშვილი.
არქიტექტორის თქმითვე, იმისათვის, რომ არ დაიშალოს და არ დაეკარგოს კაცობრიობას ეს ძეგლები აუცილებელია რესტავრირების ჩატარება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი ობიექტების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
„რესტავრირებით უნდა შევინარჩუნოთ ის ფრაგმენტები, რომლის აღდგენაც შესაძლებელია. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ისეთ რეკონსტრუქციას, რომლითაც მას სახე შეეცვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ძეგლთა კატეგორიაში არ გადის. თუკი ძეგლთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ეს დაუშვებელია“, - აღნიშნა არქიტექტორმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ბრძანება გამოაქვეყნა, რომელიც ბაგრატის ტაძრის რესტავრაცის შეჩერებას ეხება.