პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე „ლეიბორისტული პარტიის“ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ 27 მაისს ნიუ-იორკში გამართული აქცია, რომელზედაც შეკრებილებს „ქართულ ოცნების“ მაისურები ეცვათ და „ლეიბორისტების“ ცნობით, აქციაზე გაეროში საქართველოს ელჩი კახა ლომაიაც მონაწილეობდა, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ეგიდით არ ჩატარებულა.
„ამ აქციის შესახებ, მეც წავიკითხე. არ ვიცი აქცია ვინ ჩაატარა, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა და ვის ეცვა „ქართული ოცნების“ მაისური. „ქართული ოცნების“ ეგიდითა და ორგანიზებით არანაირი აქცია არ ჩატარებულა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის განცხადებით, თუ საკუთარი ინიციატივით ვიღაცამ, რაღაც ჩაატარა და ასევე მას საკუთარი ინიციატივით, გაეროში საქართველოს ელჩი შეუერთდა, ეს საკითხი თვითონ აქციის მონაწილეებთან და ბატონ ლომაიასთან უნდა გაირკვეს.
„ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. იქ თუ ვიღაცას ჩვენი მაისური ეცვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი აქცია იყო. რაც შეეხება, ლომაიას ჩვენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს, არც აქციით და არც აქციის გარეშე“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება „ლეიბორისტების“ ბრალდებას „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას შორის ფარულ თანამშრომლობაზე ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მის ინტერესის საგანს „ლეიბორისტების“ ფიქრები არ წარმოადგენს.
„ლეიბორისტების განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებ არც ახლა, არც გუშინ ვაკეთებდი და არც ხვალ არ გავაკეთებ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.