საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში მეზობლებთან: კუკური კუპრაშვილთან, თამაზ დარჩიაშვილთან და გივი მამულაშვილთან ერთად საკუთარი ვენახი შეწამლა. პრეზიდენტს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ეხმარებოდა.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლებს ორჯერ-სამჯერ მოსავლიანობის გასაზრდელად, ძალზე მარტივი ხელსაწყოები სჭირდება.
„ახლა შემოვიდა ახალი შესაწამლი აპარატურა. რა მარტივ რაღაცებს ვერ ვაკეთებდით ხოლმე. ჩვენც რომ გამოვუშვათ, კარგი იქნება. სოფლებში რომ დავდივარ, ვხედავ, იმდენად მარტივი რაღაც უნდა, რომ მოსავლიანობა ორჯერ-სამჯერ გაიზარდოს, ხანდახან გაოგნებული ვარ. აქამდე სად ვიყავით, რატომ არ ვაკეთებდით. ვენახების დასეტყვის მიუხედავად ყურძნის მოსავალს კარგი პირი უჩანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მეზობლებთან ერთად, საუბარში აღნიშნავს, რომ „მგონი, ამდენი უცხოური დელეგაცია რაც ბოლო წელიწადნახევარში ჩემს ვენახში ჩამოვიდა, მთლიანად კახეთის ისტორიაში არ ყოფილა“.
სააკაშვილის განცხადებით, ილიას ტბის სურათები რომ ნახა, თავი შვეიცარიაში თუ ამერიკაში ეგონა.
„ფეხებში არ გაგვებლანდონ, თორემ დანარჩენი არავის ტაშის დაკვრა არ გვინდა“, - აცხადებს სააკაშვილი.
პრეზიდენტი პროგნოზირებს, რომ საქართველოდან წელს 15 მლნ ბოთლით მეტი ღვინო გავა, ვიდრე შარშან და შარშანწინ.
„წელს ჩვენ გვექნება ყველაზე მაგარი რთველი, რაც კი ოდესმე გვქონია. ტურიზმის გამო შიდა ბაზარი გაიზარდა და წესით გასაღების პრობლემა არ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა სააკაშვილმა.