პარიზში დღეს გამართული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმა მაედიაროვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის შეხვედრა, ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით, დასრულდა. შეხვედრას მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებით, შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჯგუფის მიერ გააძლიერდეს არსებულ კონფლიქტში ჩართულობა. ამ მიზნით კი, ისინი კიდევ ერთხელ აპირებენ აღნიშნულ რეგიონში ჩასვლას“,-განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისრტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ელმან აბდულაევმა.
რაც შეეხება აზერბაიჯანის შეფასებას, აბდულაევის განცხადებით, აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.
„ყარაბაღის არსებული სტატუს-ქვო აზერბაიჯანისთვის, რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის მიუღებელია. სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული სამხედრო ძალების გაყვანა, ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას“,-აღნიშნა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.