საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრაქციის „შას“ თავმჯდომარის აბრაამ მიხაელის განმარტებით, ჯვრის მონასტერი ისრაელის სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის. ეს განცხადება აბრაამ მიხაელიმ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„ყველამ კარგად გავიგოთ, ჯვრის მონასტერი ისრაელის სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის. ეს საკითხი ისრაელში ვიზიტის დროს დავით ბაქრაძემ და საქართველოს ორმა მინისტრმა წამოჭრეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შეგვიძლია, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, რომ იმ ადგილზე ლოცვა შესძლონ, რომელიც ქართველი ერისთვის ისტორიულად ძვირფასია. მაგრამ, ჩვენ უფლება არ გვაქვს, იმ ადამიანების და ჯგუფის ურთიერთობებში ჩავერიოთ, რომელიც დღეს მონასტერს ფლობს. თუმცა, დახმარებას და შუამავლობას ყველას ვთავაზობთ,“ - განაცხადა აბრაამ მიხაილიმ.
მანვე საქართველო-ისრაელის საკანონმდებლო ორგანოების მეგობრულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
აბრაამ მიხაილი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებმა ერთმანეთს გამოცდილება უნდა შესძინონ. „დღეს განვიხილეთ საკითხები, რომელიც სამედიცინო და სოფლის მეურნეობის დარგებს ეხება. ასევე, კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმებზე ვიმსჯელეთ. ამ მიმართულებით ისრაელის სახელმწიფოს დიდი გამოცდილება აქვს,“ - აღნიშნა ქნესეთის დეპუტატმა.