„თავისუფალი საქართველო“ სამხედრო რეზერვის გაწვევის პროეტს ხელისუფლებისგან განსხვავებით, სკეპტიკურად უყურებს.
პარტიაში აცხადებენ, რომ სკეპტიციზმის საფუძველი ისაა, რომ მათ ხუთი დღის ვადაში ელემენტარულად იარაღის ხმარების შესწავლა წარმოუდგენელად მიაჩნიათ.
„პარასკევს ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პირველი გაწვევის ხუთ დღიანი გადამზადების კურსები სახელწოდებით: „დაიცავი შენი სოფელი“, მეორე დღეს შაბათს კი თითქმის ყველა სამხედრო ბაზამ საქართველოს მაშტაბით მიიღო მეორე გაწვევა. თელავის სამხედრო ბაზის მაგალითზე პირველი და მეორე გაწვევის რეზერვის რაოდენობამ შეადგენა დაახლოებით 500-500 ადამიანი“, - აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“.
აქვე აღნიშნავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ თებერვალში გააკეთეს განცხადება, ხოლო უკვე პირველი გაწვევის გადამზადების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა სოფლებში სამხედრო უნიფორმით და ცივი იარაღით გამოჩნდენ, კერძოდ, „გერბერი“-ს დანებით აღჭურვილი „ლიდერები“.
„პირველ ეტაპზე საქართველოს გარკვეული მუნიციპალიტეტების სოფლებში უკვე „გადამზადებული“ რეზერვიდან შეირჩა ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებამ „ლიდერი“ უწოდა, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს სოფელში მოსახლეობის განწყობის შესწავლა, რეზერვისთვის მოხალისეების მოზიდვა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანთა აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ მისამართზე გადამზადებული მოხალისეების მობილიზება“, - აცხადებენ პარტიაში.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზერვი, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის უსაფრთხოებისთვის შექმნილ დანაყოფებს წარმოადგენს და ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.
„მმართველი პარტიის ინტერესს წარმოადგენს მოსახლეობაზე მეტი კონტროლი განსაკუთრებით არჩევნების და მის წინა პერიოდში. ხელისუფლების და კონკრეტულად მისი მეთაურის ფანტაზიები იმდენად შორს წავიდა, რომ ყველა სოფელს უნიშნავენ „კინჟალიან ბელადებს“, რომელთა უმრავლესობას, აქვს საქართველოს ახლო წარსულში სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებებში ყოფნის გამოცდილება“, - აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“.