ექსპერტი სოსო ცინცაძე გურიაში გამართული „ქართული ოცნების“ აქციის შეფასებისას აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სტარტი „ქართულმა ოცნებამ" ძალზე შთამბეჭდავი ტემპებით აიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე მისული მხარდამჭერთა რაოდენობა ძნელია ითქვას, რომ არჩევნებში ხმების რაოდენობად ჩაითვალოს.
"რა საკვირველია, აქციაზე მისული მოსახლეობის მიხედვით, 100% -ით ვერ ვიტყვით, რომ არჩევნებში ყველა „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, იმიტომ რომ შეიძლება იქ სხვა პარტიის გულშემატკივარი მივიდა, რომელსაც მაგალითად, მოწინააღმდეგე პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა აინტერესებს, მაგრამ ამავე დროს, შეიძლება ადამიანები, რომლებიც ივანიშვილისთვის არჩევნებში მხარდაჭერას აპირებენ, აქციაზე ვერ მივიდნენ ოჯახური, ჯანმრთელობისა თუ სხვა პრობლემების გამო. ამიტომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არჩევნების შედეგისათვის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა გადამწყვეტი“, -განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ ქართულ სინამდვილეში, როდესაც ჩვენი ელექტორატი მერყევია და სტაბილური არაა სიმპატია ანტიპატიებში, არჩევნებამდე 4 თვით ადრე კატეგორიული განცხადებების კეთება და გამარჯვებას ზეიმი მხოლოდ პროპაგანდისტული ჟესტია.
ცინცაძის განცხადებით, მისთვის გურია იმდენად გადამწყვეტი არ იყო რამდენადაც, სამეგრელო იქნება.
ცინცაძეს მიაჩნია, რომ რეგიონებზე თუ ვისაუბრებთ, სამეგრელო მაინც გადამწყვეტია და იქ გამართულ აქციას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ცინცაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გულშემატკივარი არაა, ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა და მან არჩევნები კონკურენტუნარიანი გახადა.
„ეს უკვე რეალური ფაქტია. ამით ივანიშვილმა გარკვეული სამსახური ხელისუფლებასაც გაუწია, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მისამართით ისმოდა, ის იყო, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები არ ტარდებოდა. დღეს ჩანს, რომ მომავალი არჩევნები კონკურენტუნარიანი იქნება, რეალური კონკურენცია უკვე არის მმართველ პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს უკვე დადებითი სიახლეა, როგორც სამოქალქო საზოგადოების ისე დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ორი ძლიერი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა და მათ შორის რეალური კონკურენცია დაიწყო. შესაბამისად, ცინცაძე ამბობს, რომ ქართველ ამომრჩეველს უკვე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.
„ახლა წინ ლირიული გადახვევებია. ადმინსიტარციული რესურსი, ფინანსური რესურსის ზომაზე მეტად გამოყენების მცდელობები ორივე მხრიდან და ნუ დავივიწყებთ, რომ მთავარი პრიზი მომხიბვლელი და მაცდუნებელი ფენომენია, რასაც ხელისუფლება ჰქვია“, - განაცხადა ცინცაძემ.