გიგი წერეთელი: მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას, ისტორიულ შენობებზე არის თანამედროვე კონტრუქცია, ვთქვათ ლიფტი

გიგი წერეთელი: მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას, ისტორიულ შენობებზე არის თანამედროვე კონტრუქცია, ვთქვათ ლიფტი

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის შეფასებით,მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას, ისტორიულ შენობებზე თანამედროვე კონტრუქცია მაგალითად ლიფტი არის. აღნიშნული კომენტარი გიგი წერეთელმა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

„მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას, ისტორიულ შენობებზე, იტალიაშიც და ესპანეთშიც არის თანამედროვე კონტრუქცია, ვთქვათ ლიფტი. ამით საქართველო არ არის  უნიკალური. ეს ხელს უწყობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს კომპლექსი. ასეთი არქიტექტურული გადაწყვეტილება არსებობს. მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მინახავს და ვიცი. რამდენად შეესაბამება ეს კონკრეტულად საქართველოში ბაგრატის პროექტს, ეს მეორე საკითხია და ამაზე სპეციალისტები იღებენ გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკოსები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე შეფასებით, საქართველოში ძალიან ბევრი ძეგლი აღდგება, მათ შორის ბაგრატის ძატარი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა.

„როგორც ვიცი, ეს შეთანხმებული პროცესია და ჩართული იყო საერთაშორისო  ინსტიტუტები, იუნესკო, საბჭოები, საპატრიარქო“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, არქიტექტორი, რომელიც ამ ყველაფერს მეთვალყურეობს ერთ-ერთი გამოჩენილი ადამიანია.  

საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანება გამოაქვეყნა, რომელიც ბაგრატის ტაძრის რესტავრაცის შეჩერებას ეხება.

ბრძანების თანახმად, 18 ივნისიდან დროებით უნდა შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები.

„დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნულია ბრძანებაში.