სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, პოლიტოლოგ სერგეი კოკოევის განცხადებით, თუ ქართულმა მხარემ არ აღიარა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, არცერთ დოკუმენტს ძალა არ აქვს.
„ნებისმიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ძალა გააჩნია მას შემდეგ, რაც საქართველო აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება იურიდიული ძალა ნებისმიერ დოკუმენტს. თუ ქართული მხარე არ ჩაგვთვლის თანაბარ სუბიექტად ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, მას ყოველთვის დარჩება მანევრირების საშუალება.
საქართველოში კი არ მეგულება არცერთი პოლიტიკოსი, რომელიც სასიკვდილო განაჩენს ხელს მოაწერს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. რა დიდხანსაც არ უნდა ჰქონდეთ ქართველებს ოკეანისგაღმელი პატრონების იმედი, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს პოლიტიკურ რწმენაზე და ისინი რეალობას აღიარებენ“,-აცხადებს კოკოევი ჟურნალისტებთან საუბარში.