"კოალიციის შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ივანიშვილმა შეძლო და კონსულტაციისა და დისკუსიის შედეგად ის ძალები გააერთიანა, რომლებსაც ადრე ჰქონდათ დაპირისპირება, თუმცა ამჟამად კოალიციის შიგნით არც "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" და არც სხვა რომელიმე პარტიას შორის დაპირისპირება არ არსებობს", - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგოც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს გარკვეულ რეგიონებში მაჟორიტარები უკვე გამოვლენილები არიან და აღნიშნა, რომ მათი დასახელება ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა.
“ამასთან, ძალიან ბევრ რეგიონში არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატი გვყავს. მათ შორის იმის დასახელება მოხდება, რომელსაც უფრო მაღალი რეიტინგი ექნება. მაჟორიტარებზე მსჯელობა პოლიტსაბჭოზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის კი სულ ცხრა მაჟორიტარია დასახელებული. ექვსი დასახელდა ქუთაისში, სამი კი გურიაში“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ამასათან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოალიციის ერთ-ერთი წევრი დავით ბერძენიშვილი გურიაში აქციაზე არ იმყოფებოდა. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, დავით ბერძენიშვილი გურიაში სამი კვირის განმავლობაში იყო კოორდინატორი.
„ხმები, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა, არასწორია. ბერძენიშვილი იმხელა კაცია, რომ მისი დამალვა ძნელი იქნებოდა, თუმცა ახლა, როცა გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დასახელებული გვყავს, შესაძლოა, ასეთი კოორდინატორი საჭირო აღარ იყოს. ახლა მის საქმიანობას ეს 3 მაჟორიტარი გააგრძელებს”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.