კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლაშა კურტანიძის საქმესთან დაკავშირებით გავცრელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმიანება.
„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია ის, რაზეც ზაზა ჭელიძე საუბრობდა ვიდეოჩანაწერში, რომელიც დღეს გავიდა „რუსთავი-2“-ის ეთერში, „კურიერის“ სამსაათიან გამოშვებაში. მე დიდი ხანია ვიცნობ ზაზა ჭელიძეს, ვმეგობრობთ და დღეს ერთადაც ვაპირებდით ქალაქგარეთ ნაკვეთში მუშაობას. როგორც გავარკვიე, დღეს დილით მასთან სახლში მივიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები და ფეხმძიმე მეუღლესთან და ძმებთან ერთად სადღაც წაიყვანეს. მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის შედეგად. მე და ზაზას არაერთხელ გვისაუბრია უამრავ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც და საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე. მეც მითქვამს მისთვის და მასაც უთქვამს ჩემთვის, რომ უამრავი საჯარო მოხელე კერძო საუბრებში ოპოზიციურ განწყობებს აფიქსირებს.
ზაზა, როგორც იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო ბიუროს ყოფილი მუშაკი, იცნობდა სამართალდამცავი ორგანოების ბევრ თანამშრომელს და იმასაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ ბევრ პოლიციელს თავად ამუვიდა ყელში ხელისუფლების მოქმედებები და ისინიც ელიან ცვლილებებს. რაც შეეხება რაიმე თანხის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას, ეს არის სრული აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ ზაზა ჭელიძის და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ყალბი ჩვენებების მიღების მიზნით.
აშკარაა, რომ მათი მიზანია, ჩემი და კოალიცია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პიარ-კამპანია. ამიტომ მე თავად ვარ მზად, დაინტერესების შემთხვევაში, ვუპასუხო საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ყველა კითხვას“, - ნათქვამია სესიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ლაშა კურტანიძის მეუღლე დააკავეს. დაკავებამდე 1 საათით ადრე ქეთი ბარამიშვილმა „მეცხრე არხს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა.
ბარამიშვილმა ტელეკომპანიაში მეუღლის წერილი მიიტანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა დაწერილი.
მასში საუბარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, კერძოდ, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის, გიორგი გეგეჭკორის და მისი გარემოცვის კრიმინალურ საქმეებზე. საუბარია ადამიანის გატაცებაზე. ლაშა კურტანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
მომხდარს შს სამინისტროც გამოეხმაურა. ძალოვანებმა, ამ ისტორიის საკუთარი ვერსია მათ მიერ კონტროლირებადი ნაციონალური არხის, „რუსთავი 2“-ის დახმარებით გაავრცელეს.
შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში საუბარია, რომ ძალოვანებმა პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
შსს-ს ვერსიით, მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგად დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი.
შსს-სავე ვერსიით, გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის წინაღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები, მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილ. იგი ჩერთო გამოძიების პროცესში და მოახდინა დამკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა. მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანახმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, კურტანიძე კი ძებნაშია.
წერილში კი, რომელიც „მეცხრე არხს“ კურტანიძის მეუღლემ, ქეთი ბარამიშვილმა დაკავებამდე გადასცა, კურტანიძე წერს, რომ აღიარებითი ჩვენება, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა, მან ზეწოლის ქვეშ მისცა. კურტანიძის მტკიცებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და მისი თანმხლები პირები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ბრალად დასდეს ღალატი, ხელები შეუკრეს და სასტიკად სცემეს. შემდეგ კი, მეუღლისა და წლინახევრის შვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ, თუკი მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.
„ჩემი მეუღლე აიძულეს, რომ გაქცეულიყო და მე, იმედი მაქვს, რომ ის ახლა სანდო ადგილას არის. მე მოვითხოვ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, რადგან ის ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა“, - განუცხადა „მეცხრე არხს“ დაკავებამდე 1 საათით ადრე ქეთი ბარამიშვილმა.
გავრცელებული ვერსიით, ძალოვანების მეირ ლაშა კურტანიძის მეუღლის დაკავება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული, პოლიციას ჩაბარდეს.