სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ლაშა კურტანიძის მეუღლე დააკავეს. დაკავებამდე 1 საათით ადრე ქეთი ბარამიშვილმა „მეცხრე არხს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა.
ბარამიშვილმა ტელეკომპანიაში მეუღლის წერილი მიიტანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა დაწერილი.
მასში საუბარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, კერძოდ, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის, გიორგი გეგეჭკორის და მისი გარემოცვის კრიმინალურ საქმეებზე. საუბარია ადამიანის გატაცებაზე. ლაშა კურტანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
მომხდარს შს სამინისტროც გამოეხმაურა. ძალოვანებმა, ამ ისტორიის საკუთარი ვერსია მათ მიერ კონტროლირებადი ნაციონალური არხის, „რუსთავი 2“-ის დახმარებით გაავრცელეს.
შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში საუბარია, რომ ძალოვანებმა პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
შსს-ს ვერსიით, მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგად დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი.
შსს-სავე ვერსიით, გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის წინაღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები, მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილ. იგი ჩერთო გამოძიების პროცესში და მოახდინა დამკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა. მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანახმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, კურტანიძე კი ძებნაშია.
წერილში კი, რომელიც „მეცხრე არხს“ კურტანიძის მეუღლემ, ქეთი ბარამიშვილმა დაკავებამდე გადასცა, კურტანიძე წერს, რომ აღიარებითი ჩვენება, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა, მან ზეწოლის ქვეშ მისცა. კურტანიძის მტკიცებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და მისი თანმხლები პირები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ბრალად დასდეს ღალატი, ხელები შეუკრეს და სასტიკად სცემეს. შემდეგ კი, მეუღლისა და წლინახევრის შვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ, თუკი მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.
„ჩემი მეუღლე აიძულეს, რომ გაქცეულიყო და მე, იმედი მაქვს, რომ ის ახლა სანდო ადგილას არის. მე მოვითხოვ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, რადგან ის ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა“, - განუცხადა „მეცხრე არხს“ დაკავებამდე 1 საათით ადრე ქეთი ბარამიშვილმა.
გავრცელებული ვერსიით, ძალოვანების მეირ ლაშა კურტანიძის მეუღლის დაკავება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული, პოლიციას ჩაბარდეს.