ლანჩხუთის ცენტრი სამშენებლო ტექნიკით გადაიკეტა

ლანჩხუთის ცენტრი სამშენებლო ტექნიკით გადაიკეტა

ლანჩხუთის ცენტრალური მოედანი დილიდან ფაქტობრივად ბლოკირებულია. რაიონის ცენტრში  სატვირთო მანქანები და ტრაქტორებია თამოყრილი. 5 ტვირთმზიდი, 2 ტრაქტორი და 1 ამწე სწორედ იმ ადგილას განათავსეს, სადაც ოზურგეთში გამგზავრების მიზნით „ქართული ოცნების“ ლანჩხუთელი მხარდამჭერები შეკრებას გეგმავენ.

მძიმე სამუშაო ტექნიკასთან ერთად ცენტრალურ მოედანზე ლანჩხუთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არიან თავმოყრილნი. ადგილობრივი მედია ამაოდ ცდილობს პასუხის მირება შეკითხვაზე - რა მიზნით და ვისი მითითებით ხდება სამუშაო ტექნიკის მობილიზება რაიონის ცენტრში. სატვირთო ავტომობილების მძღოლები და ტრაქტორისტები შეკითხვაზე პასუხს თავს არიდებენ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ტექნიკის თავმოყრას ერთადერთი  მიზანი აქვს - ოზურგეთში წამსვლელ კოლონას  ხელის შეუშალონ. მათივე ინფორმაციით ტექნიკა შპს  „ჯეომშენ 2004“-ის საკუთრებაა. ეს კომპანია ლანჩხუთის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გადამღები ჯგუფის ინფორმაციით უკვე მობილიზებულია. ცნობილია რომ,  სწორედ ამ ადგილას აპირებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეკრებას, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე.

გურიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია 19:00 საათისთვსი არის დაგეგმილი. აქციისთვის სცენა ალექსანდრე წურწუმიას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟდა. უკვე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები და  ეკრანებიც აქციაზე მისული იმ ადამიანებისთვის, ვინც სცენასთან ახლოს მისვლას ვერ მოახერხებს.

კოალიციის ლიდერები ოზურგეთში 19:00 საათისთვის, წინასწარი გათვლებით 20 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.