ილია მეორე: გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში

ილია მეორე: გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. როგორც ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, მან ტაძრის რეაბილიტაციის შეჩერების ბრძანება უკვე გასცა. მისი განმარტებით, ტაძრის რეაბილიტაცია საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მინდა შევეხო ერთ ძალიან სამწუხარო საკითხს, რომელმაც გაიჟღერა ამ დღეებში.ეს არის ბაგრატის ტაძარი, რომლის შესახებაც იწერება მრავალი კრიტიკა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ყოველი ტაძარი აშენებულია ლოცვისა და წირვისათვის და არა იმისათვის, რომ ვუყუროთ მას, როგორც ისტორიულ, ან კულტურულ ძეგლს. ამ ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ ბევრი დარღვევაა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაში.

რამდენიმე ხნის წინ ვიყავი საფრანგეთში. შევხვდი იუნესკოს პრეზიდენტს, რომელთანაც მქონდა საუბარი ბაგრატის ტაძარზე. მინდა დავეთანხმო იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ რესტავრაციას. ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ რესტავრაცია კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში. ჩვენ გვექნება შეხვედრები იუნესკოს წარმომადგენლებთან. ასევე, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში კომისია, რომელიც მუდმივად მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. დღეიდან უნდა შეწყდეს ეს მუშობა მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და მივიღებთ ისეთ ტაძარს, რომელიც საჭიროა ჩვენთვის", -განაცხადა პატრიარქმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი „იუნესკოს“ კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთია საკითხზე წინასწარი შეფასება, რომელიც "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება.

36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, „იუნესკომ“ საქართველოს მთავრობას სარეაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.