ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ხონის რაიონში მისი მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
როგორც ცაგარეიშვილმა From.ge სთან საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება, ზუსტი ინფორმაცია კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„ არ მინდა წინსწრებად ისეთი ინფორმაცია გავავრცელო, რასაც შესაძლოა შემდეგ გარკვეული სახის ვნებათა ღელვაც მოყვეს. ეხლა მთელი კონცენტრაცია ოზურგეთში ხვალ დაგეგმილი აქციის ორგანიზებულად ჩატარებაზე მაქვს გადატანილი. ამიტომ, ახლა ნამდვილად არ არის ჩემი საფიქრალი დაასახელებს თუ არა „ქართული ოცნება“ ჩემს კანდიდატურას ხონის რაიონის მაჟორიტარად“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ ერთი ლიდერის ხონის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია ქუთაისში გამართული აქციის შემდეგ გავრცელდა, როცა ცაგარეიშვილმა ხონის რაიონის ნაკადის ხელმძღვანელობა აიღო საკუთარ თავზე.