ჯონდი ბაღათურია:  აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის  ცენტრად გადააქციეს

ჯონდი ბაღათურია: აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად გადააქციეს


ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით დღეს, ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა, რომელსაც ორგანიზებას "ქართული დასი"  გაუწევს.

მსვლელობის დაწყებამდე ჯონდი ბაღათურია, არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის"ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა ბათუმის საკათედრო ტაძრისკენ.

როგორც „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია განმარტავს, აქციისა და მსვლელობის მიზანი აჭარაში შექმნილი პრობლემების მიმართ დანარჩენი საქართველოს ყურადღების მიქცევაა, რომელიც მისი თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებებს უკავშირდება.

ბაღათურიას აცხადებს, რომ ამ დანაშაულის ჯგუფის ხელმძღვანელები და ორგანიზატორები თურქეთის მოქალაქეები და ქართული ძალოვანი სტრუქტურებიც არიან და აღნიშნა, რომ ამან აჭარის საერთაშორისო ტრეფიკინგის ერთ ერთ მნიშვნელოვან ცენტრად გადაქცევა გამოიწვია.

„გარდა ამისა ბათუმელებს აშფოთებს თურქეთში მოქმედი პროისლამისტური და  პროთურქული იდეოლოგიის მატარებელი ძალების გააქტიურება, რომლებიც ნელნელა ძლიერდებიან. მათ უკვე დაიწყეს იდეოლოგიური ბეჭდვითი მასალების გამოქვეყნებაც იმის შესახებ, რომ აჭარა  თურქეთის ტერიტორიაა. ამისათვის კი სერიოზული სამუშაოები აქვთ გაჩაღებული როგორც თურქეთის, ასევე აჭარის ტერიტორიაზე“, - აღნიშნავს ბაღათურია.

ბაღათურიას თქმით, რომ აჭარიდან არალეგალურად გაყავთ ქართველი მოქალაქეები, თურქეთში აღებინებენ განათლებას და ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთის ტერიტორიაა. მისივე განმარტებით, ამას აკეთებს არა თურქეთის ხელისუფლება, არამედ სხვა ანტიქართული ძალები.

„მათ წინააღმდეგ გამართული ეს მსვლელობები იქნება სამოქალაქო აქტიურობის დასაწყისი იმ სიბინძურის მიმართ, რაც აჭარაში ხდება. შემდგომში კი მას მოყვება გაგრძელება, თუ კი კონკრეტული ზომები არ იქნა მიღებული“ , - დასძინა ბაღათურიამ.

სამოქალაქო შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 16:00 საათზე დაიწყება.