ექსპერტების შეფასებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდება საბანკო სისტემაზე კრედიტებისა და განაკვეთების შემცირების შესახებ არაეთიკურია. როგორც ეკონომიკურმა ექსპერტმა, დემურ გიორხელიძემ From.ge -სთან საუბარში განაცხადა, ზოგადად პრეზიდენტს არც აქვს უფლება ბანკებს ტარიფის რეგულირების შესახებ მიუთითოს.
მისივე განმარტებით, იმ „ცუდ“ საბანკო სისტემას, რომელიც საქართველოშია აგებული თავიდანვე ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში კომერციული ბანკების აბსოლუტურად ერთპიროვნულ მართვას და ზეწოლას იწვევს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების ვიწრო ჯგუფი კარნახობს და აკეთებინებს ეროვნულ ბანკს იმას, რაც მას სჭირდება.
„ეროვნული ბანკი ფაქტიურად ნომინალურად არსებობს, სინამდვილეში სწორედ ხელისუფლების წყალობით აქვთ ბანკირებს ის შემოსავლები, რომლებსაც პენსიონერები თუნდაც 1 ლარის ოდენობით, იხდიან გადარიცხვებში და რომელიც თავისის შინაარსით ყაჩაღურია. ხოლო ის მენეჯერები, რომელთაც MBA- ის კურსები გაიარეს და დიდი კიტრები ჰგონიათ თავიანთი თავი, სინამდვილეში ხელისუფლების მხარდაჭერით და ხელშეწყობით ძარცვავენ საკუთარ ხალხს და აქედან აქვთ ეს შემოსავალი. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა კატასტროფისკენ მიდის“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტი, სააკაშვილის განცხადებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. მისი განმარტებით, პრეზიდენტმა, ჯერ მოქალაქეებს ყველაფერი გაუკეთა იმისათვის, რომ აქტიურად გამოეყენებინათ საბანკო სექტორი, ბანკებს კი საშუალება მისცა ამდენ ხანს ეძარცვა საკუთარი მოქალაქეები, დღეს კი წინასაარჩევნო პერიოდია და მსგავსი მოწოდებებით აპირებს მანიპულირებას.
„სააკაშვილის ის მოწოდებები, რომ სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებენ ბანკები თავს და ყველა მოსახვევში ნუ ხსნიან ამ ფილიალებს, რომლებიც მაინც გამოტენილია და მუდამ რიგებია, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო. დიახ პრეზიდენტი მართალია და შეიძლება ითქვას სააკაშვილს აქვს კიდეც „უფლება“ თავის გაზრდილი და აკინძული საბანკო სისტემა მართოს. ბანკებს უნდა დღეს, ეტყვის ტარიფები აწიეთ ან პირიქით ხვალ განუცხადებს დაწიეთ, ზეგ კი საერთოდ უბრძანებს გაქრნენ და ეს ასეც იქნება. სამწუხაროა, რომ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა გიორხელიძემ.
აქვე ექსპრეტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბანკებს ხელს უშლის სხვა საფინანსო ჯგუფების შემოსვლაში და დასძინა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ორ-სამ ბანკს ანიჭებს პრივილეგიას იმაში, რომ დაუმსახურებელი ძარცვით იშოვონ თანხები.
„შესაძლებელია ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი საბანკო კონკურენტი შემოუშვას და ქართული „ნათების“ საბანკო სისტემიდან ნაცარტუტაღა დატოვოს“,- დასძინა გიორხელიძემ.