13 სექტემბერს, მსოფლიო ეკრანებზე გამოდის ფილმი „ბოროტების სავანე: შურიძიება“. ეს ფილმი მეხუთე ნაწილია პოლ ანდერსონის ფილმისა „ბოროტების სავანე“.
ფილმს კინოკომპანია Constantin Film იღებს, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ დაემალათ სიუჟეტი და ყველაფერი, რაც ახალ ფილმთანა იყო დაკავშირებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ფილმის პირველი კადრები გავრცელდა. პირველი ოფიციალური ტრეილერიდან ჩანს, რომ ფილმში მილა იოვოვიჩთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები: სიენა გილორი, მიშელ როდრიგესი, კოლინ სალმონი და შონ რობერცი. ცნობილია, რომ გამოჩნდებიან პერსონაჟები თამაშიდან როგორებიც არიან ლეონ კენედი, ადა ვონგი და ბარი ბარტონი. გადაღებებს არ შეუერთდებიან ელი ლარტერი (Ali Larter) და სპენსერ ლოკი (Spencer Locke). ფილმის შემქმნელები მათ გაუჩინარებას იმით ხსნიან, რომ ისინი სიუჟეტში ამბრელას მიერ იქნებიან გატაცებული. გადაღებები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო - ტორონტოში, ტოკიოშსა და მოსკოვში.
ფილმის სიუჟეტი იწყება იმ მომენტიდან სადაც წინა ფილმი მთავრდება. სიგნალზე გემიდან „არკადია” მოფრინავენ კორპორაცია ამბრელას ვერტმფრენები, რომელთაც სათავეში უდგას ჯილ ვალენტაინი. შეტაკების გამო გემი იძირება რამოდენიმე ადამიანი მოახერხებს ჩაძირული გემიდან თავის დაღწევას, ახლა მათი მიზანია კორპორაცია ამბრელა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ოფიციალური სინოფსისში ვკითხულობთ:
ამბრელას საზარელი ქმნილება თი-ვირუსი განაგრძობს დედამიწის განადგურებას, ის მსოფლიო მოსახლეობას ხორცისმჭამელი ზომბების ლეგიონებად გარდაქმნის. კაცობრიობის ერთადერთი იმედი ელისია (მილა იოვოვიჩი), რომელიც ფარდას ხდის ამბრელას გასაიდუმლოებულ ოპერაციებს და ააშკარავებს მის ყველაზე იდუმალ წარსულს, ის, უფრო და უფრო, ღრმად მიიწევს ბოროტების უფსკრულში. ელისი ამბრელას წარმომადგენლებზე იწყებს ნადირობას, ის ტოკიოდან ნიუ-იორკში და ვაშინგტონიდან მოსკოვში მიჰყავთ. ყველაფერი მიდის კულმინაციისკენ, რომელიც ელისს დააფიქრებს ყველაფერზე, რისიც კი მას ოდესმე სწამდა და სჯეროდა. თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ელისს მოუწევს ბრძოლა, რათა გარდაუვალი დასასრული შეაჩეროს, თუმცა მან უნდა იჩქაროს, რადგან აპოკალიფსის წამზომი ჩართულია.