"არ მესმის, როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ ეს რუსული ფულია, თუ მართლა ბრიყვი, ბრმა და ყრუ არა ხარ,"- განაცხადა სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე.
პრეზიდენტი კრემლის ფულით საქართველოში პოლიტიკური პროცესების ყიდვის მცდელობაზე საუბრობს. წარმოუდგენელია, ვერ მიხვდეს ვინმე, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსული ფული შემოდის.
„მაგრამ ერთი პატარა პრობლემა აქვთ ჩვენს "მეგობარ" ფულის გამომგზავნებს და მათ აქაურ წარმომადგენლებს - ამ ფულზე საქართველოში მხოლოდ იყიდება რომელიმე დეგრადირებული ან დეკლასირებული პოლიტიკოსი, რომელიმე სფეროს მოქმედი ან ყოფილი წარმომადგენელი. საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველა დროში იყო ხალხი, ვისაც ფეხებზე ჰკიდია ქვეყანა, გაიყიდება ნებისმიერ ფულზე, ეშმაკს შეეკვრება და სულსაც მიჰყიდის, მაგრამ საქართველოში არ იყიდება ორი რამ – ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. ეს არის ახალი, არაკორუმპირებული სახელმწიფოს შექმნის სიამოვნება. აი, რა არის მთელი შენი სიმტკიცის მარაგი. შეგიძლია იყიდო რომელიმე წარსულის ცნობილი სახე, რომელსაც საბანკო კრედიტი აქვს, ვერ დააბრუნა და ვინც იყიდის მიეყიდება, შეგიძლია იყიდო ხელოვნების ან რომელიმე სხვა სფეროს არც თუ ისე წარმატებული წარმომადგენელი, მაგრამ ვერც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს ვერ იყიდი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი აღტაცებით საუბრომ იმაზე,რომ საქართველოში არ არსებობს კორუფცია სახელმწიფო აპარატში და არავინ დაუშვებს პოლიტიკურ კორუფციას. "არ დავუშვებთ, ხმები, ამომრჩევლები და პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს, გინდ 1 მილიარდად, გინდ 10 მილიარდად, გინდ 100 მილიარდად, რადგან საქართველოს მომავალი ღირს ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე მათი მილიარდები და ბევრად მეტი, ვიდრე იმ უსინდისო ადამიანების ძალიან გაუფასურებული სინდისი, ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა. ჩვენ მკაცრად დავიცავთ კანონს და სხვათა შორის, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ამაზე ტაშს დაგვიკრავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი სახელმწიფო აპარატში კორუფციის არ არსებობის არგუმენტად მსოფლიო ბანკის მიერ დაწერილ წიგნი იშველიებს. “საქართველოს მიერ კორუფციის დამარცხებაზე მსოფლიო ბანკმა წიგნი დაწერა და ქვეყანას კორუფციაში ვეღარავინ დააბრუნებს. "მით უმეტეს, სახელმწიფო აპარატს ვერავინ მოისყიდის. ეს არის ჩემი მტკიცე გარანტია და ემყარება არა მხოლოდ ჩემს პიროვნებას, არამედ ინსტიტუტებს, რომლებიც ჩვენ შევქმენით – გამჭვირვალე, ლამაზ, მყარ, სუფთა, ეფექტურ სახელმწიფო ინსტიტუტებს რომელიც დაიცავს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის არჩევანს", - განაცხადა სააკაშვილმა.