სააპელაციო სასამართლომ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმების ოდენობა გაუნახევრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ ლიდერს 126 მლნ 220 ათას 190 ლარის ნაცვლად 63 110 095 ლარის გადახდა მოუწევს. 22 მლნ 429 ათას 941 ლარის ნაცვლად კი 11 214 964 ლარისა და 65 თეთრის გადახდა.
11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 22 მლნ 429 ათას 941 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.
კონტროლის პალატის მტკიცებით, “გლობალ ტვ”-ის 107 ათასი ცალი ანტენა მოსახლეობას უფასოდ დაურიგა, რაც ამომრჩეველთა მოსყიდვაა. ამასთან დარიგების პროცესი კომპანიების “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” ავტომობილების შეღავათიანი მომსახურეობის მეშვეობით განხორციელდა.
მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგების გამო დაკისრებული 126 მილიონ 220 ათას 190 ლარიანი ჯარიმის თანხა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 63 110 095 ლარამდე შემცირდა, რითაც ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ბიძინა ივანიშვილს საქმის განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებიც დააკისრეს, რომელიც 2 000 ლარს შეადგენს.
ასევე კონტროლის პალატის მტკიცებით, ივანიშვილმა 2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ავტომობილი დაარეგისტრირა, რომლებიც “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” მომსახურებას უსასყიდლოდ უწევდა და აღნიშნული ქმედებით ივანიშვილმა პარტიის სასარგებლოდ 2 მლნ 242 ათას 994 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა.
რაც შეეხება 239 ავტომობილის შეღავათიან ფასებში “ქართული ოცნებისთვის” მიქირავების ბრალდების საფუძველზე დაკისრებულ 22 მილიონ 429 ათას 941 ლარს, სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა და ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე ჯარიმის თანხად 11 214 970 ლარი და 65 თეთრი დააკისრა.
საბოლოოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს 126 მლნ 220 ათას 190 ლარის ნაცვლად 63 110 095 ლარის გადახდა მოუწევს. 22 მლნ 429 ათას 941 ლარის ნაცვლად კი 11 214 964 ლარისა და 65 თეთრის გადახდა.
ივანიშვილის ადვოკატების თქმით, თანხის განახევრება დიდი შეღავათი არ არის, რადგან თავად გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული და უკანონო იყო.
რაც შეეხება იმას, გადაიხდის თუ არა ივანიშვილი განახევრებულ ჯარიმას, კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ის, ჯარიმის გადახდას არ აპირებს.