მოძრაობა „ეროვნულების“ ცნობით, სამეგრელოში დაგეგმილ აქციაზე მასობრივი არეულობის გამოწვევა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგემება.
ამის შესახებ მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერებმა დავით სოკოლოვმა, სანდრო ბრეგაძემ და შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.
მათი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის წინააღმდეგ საპყრობილეებში მოთავსებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებას აპირებს.
ეროვნულების თქმით, ასეთ ფაქტს ადგილი უკვე ჰქონდა, ქუთაისში დაგეგმილი აქციის დროს, თუმცა ეს ხელისფლებას ხალხის სიმრავლის გამო არ გამოუვიდა.
„ხელისუფლების და ზოგიერთი კრიმინალური ავტორიტეტის მიზანია, მოქალაქეებზე ზეწოლა მოახდინონ, რის შედეგადაც სამეგრელოში დაგეგმილ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდეს, სადაც შემდგომში კრიმინალები, ზონდერ-ბრიგადებთან ერთად შეხლა-შემოხლას და ჩხუბის პროვიცირებას უზრუნველყოფენ, რაც ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივად უნდა შეფასდეს, როგორც განზრახ მასობრივი არეულობის გამოწვევა. აღნიშნული სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადია და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისივე განცხადებით, ისინი უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს და იმ კრიმინალური ავტორიტეტების სახელები და გვარებიც უთხრეს, რომელთა გამოყენებას ხელისუფლება ზუგდიდის აქციაზე გეგმავს.
მოძრაობა "ეროვნულები" მიმართავენ დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხელისუფლებასა და მთავრობას აღკვეთილ იქნას პოლიტიკურ პროცესებში კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენების პროცესი. მიმართავენ ასევე სამეგრელოს მოსახლეობას არ აჰყვნენ პოლიტიკურ პროვოკაციებს.