„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ ხელისუფლება პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებსა და დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
კალანდაძის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვის და საკითხის დასმისა, მაკონტროლებელი ორგანოები, ძირითადად ეს ეხება შემოსავლების სამსახურს, სხვადასხვა დავალიანების არსებობის მოტივით პენსიონერების საპენსიო ანგარიშების დაყადაღებას და საპენსიო თანხების იძულების გზით ამოღებას კვლავ აქტიურად განაგრძობენ. კალანდაძე ირწმუნება, რომ პრაქტიკამ ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო და ასეთ შემთხვევებს პრაქტიკულად ყველა რეგიონსა და რაიონში აქვს ადგილი.
კალანდაძემ აღნიშნულის საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითები და ფაქტებიც დაასახელა.
„შემოსავლების სამსახურის ადგილობრივმა ორგანომ იმ მოტივით, რომ მიწის იჯარის დავალიანება გააჩნია, ინკასო დაადო ასპინძის რაიონის სოფელ ოშორას მკვიდრის, პენსიონერი ვაჟა შავაძის საპენსიო ანგარიშს და ამ ანგარიშზე ჩარიცხულ ყოველთვიურ პენსიას მას იძულების გზით აჭრის. შესაბამისად, პენსიონერი და მისი ოჯახი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჯერ იყო ვაჟა შავაძის სახელზე ადგილობრივი გამგეობის უშუალო მითითებით გააფორმეს სოფელ ოშორას მკვიდრთა სახელზე გასაფორმებელი მიწის ნაკვეთები, ვითომდა მართვის პროცესის გასამარტივებლად, და უკვე შემდგომ, დავალიანების წარმოშობის შემდეგ, დააყადაღეს მისი საპენსიო ანგარიში“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, თითქმის იდენტური მდგომარეობა სხვადასხვა რაიონებში.
„პრობლემის მასობრივი ხასიათი და ხელისუფლების ამგვარი მიდგომები იმ პენსიონერთა მიმართ, რომელთა სახელზეც არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები გაფორმებული, სერიოზულ ეჭვს ბადებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველივე ეს შეგნებულად და მიზანმიმართულად ხორციელდება და ემსახურება დავალიანების გადაუხდელობის მოტივით გლეხებზე გაფორმებული მიწის ფართობების მათთვის ჩამორთმევას“, -განაცხადა კალანდაძემ.
„ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას უარი თქვას და გააუქმოს პენსიონერთა საგადასახადო ორგანოების მხრიდან საპენსიო ანგარიშების დაყადაღების და საპენსიო თანხების იძულების გზით ამოღების მანკიერი პრაქტიკა.