საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აღმაშენებლის განახლებული გამზირი დაათვალიერა და მარჯანიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა ახალი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომელიც მათი განხორციელების შედეგად იქმნება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ისტორიის არც ერთ ეპოქაში, ერთბაშად იმდენი არ აშენებულა, რამდენიც ამ პერიოდში შენდება.
სააკაშვილისავე განცხადებით, თბილისში ძალიან ბევრი რამ ხდება, მასშტაბური მშენებლობები მიდის, რის გაცნობიერებასაც ადამიანები უამრავი ყოფითი პრობლემის გამო ვერ ახდენენ. მისივე თქმით, მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი მთელს ქალაქში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს უჩნდება მეტი შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ მათი შვილები უკეთეს გარემოში იზრდებიან.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი მიდის ზემოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებოდა.