„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოველგვარ უწესობასა და გარყვნილობას გაუხსნა კარი.
„პრეზიდენტის საქციელს მინდა მივაქციო ყურადღება, რომელიც ფრიად უწესოდ ირჯება. პრეზიდენტისგან უტაქტოდ ქცევა ახალი არ არის, მაგრამ ამ ბოლო დროს ყოველგვარ ზღვარს გადაჭარბა. ყველას გვახსოვს, ადრე გამოაცხადა დავით აღმაშენებელი ვარო და დავით აღმაშენებლის სახელით თავდადებით ებრძოდა საქართველოს ეკლესიასა და სამშობლოს. მერე რაღაც პერიოდი შეწყვიტა და ვიფიქრე სახადივით მოიხადა, მაგრამ არც მეტი არც ნაკლები, ახლა გამოაცხადა პრომეთე ვარ, გაქსუებულ ოპოზიციას ჯანდაცვა მოვპარე და ხალხს მივუტანეო“ , – აღნიშნა ბაღათურიამ.
„ქართული დასის“ ლიდერის თქმით, ამ სიტყვებს ის პრეზიდენტი ამბობს, რომელმაც ახალგაზრდა თაობას განათლების სისტემა მოპარა და დედამისს, კახა ბენდუქიძესა და დიმიტრი შაშკინს გადააბარა.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა ჯანდაცვა პირადად მიისაკუთრა, ერთი ნაწილი მამამისს გადააბარა, მეორე ნაწილზე კი– წამლებზე ფასები 800%–ით გაძვირდა.
„გახსოვთ ალბათ პრეზიდენტი რომ იტყუებოდა მამაჩემის არ არის ბალნეოლოგიური კურორტიო. საჯარო რეესტრიდან მაქვს ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კურორტი მამამისის საკუთრებაა. დირექტორი მამამისი არ არის, მაგრამ სააკაშვილის მამის საკუთრეებაა“, – აღნიშნა ბაღათურიამ და სხდომის წამყვანს გიგი წერეთელს მიმართა საუბარს ნუ აწყვეტინებდა და ნუ ნერვიულობდა.
ბაღათურიას განცხადებით, პრეზიდენტმა ყოველგვარ უწესობასა და გარყვნილობას გაუხსნა კარი, „თავად მოუძღვის როგორც მეგზური ყოვეგვარ აღვირახსნილობასა და ცოდვას“.
ამის შემდეგ დეპუტატმა აჭარასთან დაკავშირებით ისაუბრა. ბაღათურიას თქმით, ბათუმი, ყოველთვის ცნობილი იყო სისუფთავით, მაგრამ ახლა საერთაშორისო ტრეფიკინგის ეპიცენტრად გადაიქცა.
„თურქეთის მოქალაქეებს შუა აზიიდან ახალგაზრდები, მცირეწლოვანი ბავშვები შემოჰყავთ, ძირითადად თურქმენები, ტაჯიკები და უზბეკები. ერთ–ერთმა ბავშვმა, როგორც ბათუმელებმა მაცნობეს, თავი მოიკლა და მისი ცხედარი ისე გაქრა არავის უპოვია. მოქალაქეების არალეგალურად ასეთი მასობრივი შემოყვანა შეუძლებელია თუ ამაში ჩართული არ არის შსს“, – აღნიშნა ბაღათურიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებამ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს მიუგდო საჯიჯგნად, აჭარა – თურქეთს, დავით გარეჯზე გვიმტკიცებდნენ აზერბაიჯანს ეკუთვნისო, მაგრამ მერე უკან დაიხიეს, როდესაც საზოგადოების აღშფოთება ნახეს.
ბაღათურიამ უმრავლესობასა და უმცირესობას მოუწოდა ხელი მოაწერონ იმ მიმართვას, რომელიც პრეზიენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას შეეხება.
„ეს არის საბრალდებო დასკვნა პრეზიდენტისთვის, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტი კორუფციაშია ჩართული, მას აქვს ფარული, ე.წ. ლევი, არადეკლარირებული შემოსავლები და დაუსაბუთებული ქონება. პრეზიდენტის მამა, დედა, ძმები ვერ ასაბუთებენ თავისი ასტრონომიული სიმდიდრის კანონიერებასა და წარმოშობას“, – აღნიშნა ბაღათურიამ და პროკურატურას მიმართა პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოხდეს.