[From.ge]
კონტროლის პლატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ფონდი „ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
From.ge ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 30 აპრილს, დაარსდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. ფონდის შექმნისა და საქმიანობის მიზნად განისაზღვრა პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული პირების ფინანსური და იურიდიული დახმარება. გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე, გამოუყოფს ყოველთვიურ დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე“.
ფონდის დაფუძნებისთანავე პოლიტიკური კოალიციის „ქართულ ოცნების“ ლიდერები ახდენდნენ ასოცირებას ფონდის მიზნებთან და ამოცანებთან, საჯარო გამოსვლებში საუბრობდნენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, საქმიანობის ფორმებზე, რაც საზოგადოებაში ქმნიდა მიზნების განხორციელების დამაჯერებლობას, იწვევდა საზოგადოების მხრიდან ფონდის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობასთან.
ყოველივე აღნიშნული ქმნიდა ფონდის მიზნების, ამოცანების კავშირს და პირდაპირ მიმართებას პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. რაც ასევე გამოიხატება ფონდის ხელმძღვანელის საჯარო ქმედებებში მოახდინოს „კოალიციის“ პოლიტიკური მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, პარტიის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციას შეუწყოს ხელი. აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 14 მაისს, გააკეთა შესაბამისი განცხადება და მოუწოდა შესაბამის სუბიექტებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისკენ.
2012 წლის 17 მაისს, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ, რომელიც ამავდროულად არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდაა დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან, განხორციელდა 90. 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია. აღნიშნული ტრანზაქცია, ისევე როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტების, ფორმით, შინაარსითა და სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დააყადაღოს აიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშები. აგრეთვე, განახორციელოს ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები“, - ნათქვამია კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.