უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლავირებაა საჭირო, რომ სამშვიდობოს გავიდეთ. მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა და გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესში არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ განვითარება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში” ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ.
„უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლავირებაა საჭირო, რომ სამშვიდობოს გავიდეთ და მინდა ხაზი გავუსვა რეგიონულ თანამშრომლობას და იმას, რომ ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ურთიერთგაგებას სამ ქვეყანას შორის. ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ რამენაირად უნდა შევძლოთ არა მარტო გადარჩენა, არამედ განვითარება ამ სიტუაციაში და აქ მთავარ როლს, რა თქმა უნდა, მეზობლებთან ურთიერთთანამშრომლობა და კეთილი ურთიერთობები იკავებს. მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის შიდა მშვიდობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი, რომ კონსტიტუციური წყობილება არ იყოს დაზიანებული, რასაც ესწრაფვიან ცნობილი პერსონაჟები“, - განაცხადა მანჯავიძემ.
მისი თქმით, საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში. მას გასასვლელი შავ ზღვაზე აქვს. შავი ზღვის პორტები სატრანზიტო ჰაბია და საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ექსპორტის საკითხში თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ასევე, სომხეთისთვის საქართველოს სტაბილურობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელოვნება.
„შესაბამისად, ჩვენი პოზიცია უმნიშვნელოვანესია. თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მოვილაპარაკებთ და ჩვენი ინტერესები, სამივეს ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ურთიერთობები უფრო დიდ მოკავშირეებთან, ამ შემთხვევაში იგულისხმება რეგიონის დიდი ქვეყნები, სუპერ სახელმწიფოები, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ აქ მშვიდობა და განვითარება“, - აღნიშნა მანჯავიძემ.
ისტორიკოსი ასევე ევროკომისრების განცხადებებსა და ქმედებებს გამოეხმაურა საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ მსგავსი ქცევა მიუთითებს მათ უპატივცემულობაზე ქვეყნის მიმართ.
„აშშ-ში მაპატიეთ და საერთოდ ძაღლადაც არ აგდებენ არც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს კაია კალასს და არც ურსულა ფონ დერ ლაიენს. ელემენტარულად შეხვედრები ვერ უზრუნველყვეს მათ ტრამპთან, რომელსაც ურჩევნია, რომ შეხვდეს ცალკეულ პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს, ვიდრე ევროკომისრებს. იგივე დამოკიდებულება აქვს ჩინეთსაც, აღარ ვლაპარაკობ სხვა აქტორებზე.
უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური აქტორი არ არის, მას შეუძლია გარკვეული ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, ამიტომ ლავირების პოლიტიკაა საჭირო, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს ცალ ფეხზე დგომაში. ჩვენი პოლიტიკა პრინციპული უნდა იყოს, ამავე დროს ლავირებაც გვიწევს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.