ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზი ერთ დიდ აუდიტორიას ჰგავს

ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზი ერთ დიდ აუდიტორიას ჰგავს

 

26 მაისს,  ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში პირველი სხდომა გაიმართება. საზეიმო სხდომისთვის ხელისუფლება საგანგებოდ ემზადება, თუმცა, მშენებარე პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ სხდომათა დარბაზი იქნება მზად.

დეპუტატებს განსხვავებულ სხდომათა  დარბაზში მოუწევთ შესვლა. დარბაზში ორი ტრიბუნის ნაცვლად ერთი იქნება და სპიკერატიც განსხვავებული დიზაინით არის შექმნილი. სპიკერატის უკანა მხარეს, კედელზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაა გამოსახული, დარბაზში კი მაგიდები ოვალურად არის განლაგებული. თითოეული დეპუტატის მაგიდაზე ხმის მიცემის სისტემა  და მიკროფონი მონტაჟდება. 

თვითმხილველების შეფასებით,ახალი პარლამენტის სხდომათა დარბაზი დიდ აუდიტორიას უფრო ჰგავს, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს. 

ქუთაისის პარლამენტში სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან მშენებლებმაც და მათმა ხელმძღვანელებმაც პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა უნდა შეასრულონ.

ოპოზიციამ სააკაშვილის განცხადება უკვე გააკრიტიკა. ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრეზიდენტის ის განცხადება შეაფასა, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობას უკავშირდება. 

ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტმა ერთ-ერთი გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისისთვის ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა თუ ვერ დასრულდება, მაშინ მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება.

“ღმერთმა დაიფაროს რამაზიც და ნებისმიერი ადამიანიც, რომელიც შეიძლება მსგავსი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგეს და პირადი ნერვიულობისა და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს შეუსრულებელი პირობა” – ასეთი განცხადება გააკეთა დიმიტრი  ლორთქიფანიძემ.

უმრავლესობის წევრები, კერძოდ, პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ახალ პარლამენტში სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის თანახმად მიმდინარეობს და არანაირი პრობლემები არ შექმნილა.

უკვე ცნობილია, რომ ორი საპარლამენტო ფრაქცია – „ქრისტიან–დემოკრატები და „ერთობა სამართლიანობისთვის“  ქუთაისში პარლამენტის სხდომას არ დაესწრება. ამ ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ საკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარაქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ოპოზიციიდან 26 მაისის სხდომას მხოლოდ გია თორთლაძის ფრაქციის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე დაესწრება.