დიპლომატი ზურაბ აბაშიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭება ვიღაცეებს აწყობდეს, თუმცა ქართულ საზოგადოებას თუ რაიმე კითხვები აწუხებს, საკუთარ ხელისუფლებას უნდა შეეკითხოს და არა აზერბაიჯანის საელჩოსთან გამართოს მიტინგი.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაფუჭება ვიღაც-ვიღაცეებს ნამდვილად აწყობთ, ამას დიდი ფილოსოფოსობა ნამდვილად არ უნდა, თუმცა ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ქართული საზოგადოება მიტინგის ჩატარებას გეგმავს აზერბაიჯანის საელჩოსთან 20 მაისს, არ მესმის ეს მიტინგი საელჩოსთან რატომ უნდა ჩატარდეს. თუ რაიმეს კითხვა გვინდა, ჩვენ მთავრობას უნდა ვკითხოთ, აზერბაიჯანის საელჩო რა შუაშია? ამ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ იმდენად კარგი ხარისხის ურთიერთობები გვაქვს, რომ თუკი რაიმე პრობლემები არსებობს, უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ისინი მოვაგვაროთ.
ჩვენს ხელისუფლებას ორ რამეს ვურჩევდი-ოფიციალურ საიტზე მარტო განცხადებებით კი არ აუხსნას საზოგადოებას საქმის ვითარება, არამედ ჩაერთონ დისკუსიებში, გამოვიდნენ ტელევიზიებში, შეხვდნენ ექსპერტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. აუხსნან და პასუხი გასცენ ყველა კითხვას. თუკი შესაძლებელია საზღვრის სადერმარკაციო ერთობლივ კომისიაში ჩართონ სამოქალაქო ან საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელი, ეს საქმეს არ გააფუჭებს. როდესაც რუსეთთან ვმუშაობდით, ასეთ რამეს მივმართავდით.
ჩვენს საზოგადოებას კი ვურჩევ, რომ არ შეიძლება ყველაფრის ატაცება, ცოტა ემოციების მოთოკვაცაა საჭირო და ერთ დღეში ნუ მოვინდომეთ ყველაფრის გარკვევას და გადაწყვეტას. ნაჩქარევი მეჩვენება საელჩოსთან მისვლის გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც შეიძლება ყველაფერი გაირკვეს“,-განაცხადა აბაშიძემ.