„სახალხო კრება“ უკვე ერთი წელია ცდილობს მიაკვლიოს დაკარგული ქონების კვალს

„სახალხო კრება“ უკვე ერთი წელია ცდილობს მიაკვლიოს დაკარგული ქონების კვალს

[From.ge]

„სახალხო კრება“ უკვე ერთი წელია ცდილობს მიაკვლიოს მის მფლობელობაში არსებული, დაკარგული ქონების კვალს, თუმცა უშედეგოდ.

2011 წლის 26 მაისის აქციის იძულებით დაშლის შემდეგ „სახალხო კრების“ მფლობელობაში არსებული სატვირთო ფურგონი სანომრე ნიშნით WWS –126 და ფურგონის მისაბმელი სანომრე ნიშნით LA–826 დარჩა თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ პოლიციელების ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც მოახდინეს აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა და რა თქმა უნდა ფაქტი, რომ ზემოთ ხსენებული მანქანები წაყვანილია მათ მიერ, ეჭვს არ იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილებში ინახებოდა საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკა - გახმოვანების აპარატურა, გამართულ მდგომარეობაში, 3 ახალი გენერატორი, ასევე სამანიფესტაციო ატრიბუტიკა, დროშები, ბანერები და „მხილებათა მუზეუმის“ სრული კომპლექტაცია.

ამას გარდა, 21 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ავჭალის პოლიციის წინ მდებარე ავტოსადგომიდან ღამით გაიტაცეს „სახალხო კრების“ კუთვნილი ტრეილერი, რომელზეც პირველად კომპლექტდებოდა სცენა და ხმის აპარატურა, ამ ავტომობილის გატაცებასთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჯერ ჯერობით არანაირი შედეგი არ დამდგარა.

 „სახალხო კრებამ“ რამდენჯერმე განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, მაგრამ მისი მხრიდან დღემდე არანაირი რეაგირება არ არის.

პარალელურად მივმართეთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ლევან შელიას, რომლისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რა შუაშია ავტომობილების საკითხი მის სამსახურთან, თუმცა არსებობს ვიდეოკადრები, როდესაც 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს აღნიშნული „მანქანა-სცენა“ სრული თავისი აღჭურვილობით იდგა რუსთაველის გამზირზე, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმებმა დაასრულეს ოპერაცია და სრულად დაიკავეს რუსთაველის გამზირი.

მაშინ, როდესაც ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში პრაქტიკულად არ ყოფილა ავტომანქანის გატაცების არც ერთი შემთხვევა და შინაგან საქმეთა მინისტრი თავს იწონებს ძალოვანი სტრუქტურების გამართული მუშაობითა და მიღწევევბით, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, როგორ შეიძლება გამქრალიყო პირველ შემთხვევაში ავჭალის პოლიციის შენობის წინ მდგომი და მეორე შემთხვევაში ძალოვანებით სავსე რუსთაველის გამზირიდან 5 მეტრიანი ტრეილერები, რომელთა კვალს უკვე ერთი წელია ვითომდა ვერ მიაკვლია შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  „სახალხო კრება“ კატეგორიულად მოითხოვს მის მფლობელობაში არსებული ძვირადღირებული ქონების სასწრაფოდ დაბრუნებას.