აკაკი ჯოხაძე: საგზაო უსაფრთხოების მოედნები უსაფრთხო გადაადგილებას უფრო ეფექტურს გახდის

აკაკი ჯოხაძე: საგზაო უსაფრთხოების მოედნები უსაფრთხო გადაადგილებას უფრო ეფექტურს გახდის

 

თბილისში საგზაო უსაფრთხოების მოედნების მოწყობა დაიწყო. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", ასევე ესტონეთის მთავრობის ინიციატივითა და თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ from.ge - სთან საუბარში აღნიშნა, შემოთავაზებული პროექტი ძალიან საინტერესოა, ამიტომ ისინი დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობა გადაწყვიტეს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე  საპილოტე პროექტი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ბაზაზე განხორციელდა, სადაც პატარა ქალაქი უკვე მოეწყო. მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ყოველგვარი საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და მიმთითებელი ნიშნებია განლაგებული და სკოლის მოსწავლეები იქ ველოსიპედებით მოძრაობენ.

„ბავშვების გადაადგილება ამ პატარა მიკრო ქალაქში ველოსიპედებით მოხდება. ისინი თამაშით მიეჩვევიან იმ წესებისა და საგზაო ნიშნების დაცვას, რომელიც ქალაქში რეალურად  მოქმედებს. გაიღმავებენ ამ ცოდნას. ეს კი ხელს შეუწყობს ბავშვებს მცირე ასაკიდან მოზარდობამდე მყარი უნარჩვევების შეძენას. საბოლოო ჯამში ეს ქალაქში მოძრაობის უსაფრთხოდ გადაადგილებას უფრო ეფექტურს გახდის“, - განაცხადა სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა.

პროექტის განხორციელება დღეს დილიდან დაიწყო, პირველი მოედანი კი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ბაზაზე გაიხსნა.

„სანახაობრივადაც ძალიან ლამაზია ეს პროექტი. ბავშვები ძალიან ბედნიერები და გახარებულები არიან რომ მოძრაობენ საგზაო მონიშვნებით და შუქნიშნებით. ცდილობენ დაიცვან წესები. ამ ყველაფრით ისინი საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ იღრმავებს ცოდნას“, - დასძინა ჯოხაძემ.