კამპანიის „ეს შენ გეხება“ ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები 17 მაისს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს გააცნობენ.
მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე ისაუბრებენ და დეტალურად წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ პროცედურების დახვეწას არჩევნების დღეს, მედიათანაბრობას საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში, საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას საკაბელო არხებით, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსში" და მედიაგარემოს გაჯანსაღებას საარჩევნო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, 7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს, საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც, საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.