პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის უფლებასა და საქართველოში ცხოვრების ცენზის 5 წლამდე შემცირებას ეხება, აბსურდად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ჭრის და კერვის კატეგორიულად წინააღმდეგია.
ხიდაშელი ამ კონსტიტუციური ცვლილების შემთხვევაშიც „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ისევ გაუგებრობაში აღმოჩენას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯერ ჯეროვნად უნდა ნახოს.
„კონსტიტუციის ჭრის და კერვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საქართველოს უპასუხიმგებლო ხელისუფალი ჰყავს, რომელსაც არ შეუძლია აღიაროს შეცდომა, რომელიც დაუშვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამოართმევით და შემდეგ კიდევ უფრო დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მას მიმართვის შესაბამისად მოქალაქეობა არ მისცა. სააკაშვილს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და აღიარება იმ დანაშაულებრივი შეცდომისა, რაც მან დაშვა, ამიტომ არ შეიძლება კონსტიტუციას ვჭრიდეთ და ვკერავდეთ“,-განაცახად ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება, საქართველოში ცხოვრების ცენზი 5 წლამდე შემცირდა. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველივე მოსმენით ისე მიიღო, რომ მასში საქართველში ცხოვრების ცენზი 10 წელი იყო. ამ ცვლილების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბოლო 10 წელი არ უცხოვრია და არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კი ივანიშვილის განცხადების შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი იმდაგავარად შეეცვალათ, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ესარგებლა. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საბოლო ვარიანტი დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იქნება განხილული.