სოზარ სუბარი:  ქალბატონი კალანდაძე ტყუის, როდესაც გარეჯის უდაბნოს მონასტერზე საუბრობს

სოზარ სუბარი: ქალბატონი კალანდაძე ტყუის, როდესაც გარეჯის უდაბნოს მონასტერზე საუბრობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადების შეფასებისას, რომ  „გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში“ აცხადებს, რომ  ქალბატონი კალანდაძე ტყუის, როდესაც საუბარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერზეა.

„ეს საქართველოს შემადგენლობაში  საბჭოთა სოციალისტურ პერიოდშიც შედიოდა.  ის  ქართველი რესტავრატორები მუშაობდნენ. იქვე მოწყობილი იყო სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც მონასტრამდე რესტავრაციისთვის აუცილებელი მასალები აჰქონდათ. ეს მონასტერი აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რომ ყოფილიყო, რესტავრაციას ჩაატარებდა არა ქართული მხარე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არამედ, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“,-განაცხადა სუბარმა.

სუბარის განცხადებითვე, კალანდაძე ამ შემთხვევაში  ხელისუფლების უმოქმედობის და იმ ფაქტის გამართლებას ცდილობს, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიებს ვერ იცავენ.

„რაც შეეხება,  არის თუ არა დავით გარეჯის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ყოფილი აზერბაიჯანის  საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ორი ასეთი მონასტერი არის,  ერთია ბერთუბანი და მეორე  ვერანგარეჯა, რომლებიც უდაბნოს მონასტრისგან  რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული“,-განაცხადა სუბარმა.

სუბარის მტკიცებით, ეს ორი მონასტერი საბჭოთა პერიოდშიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გახლდათ, ისინიც ჩვენი კულტურის ძეგლებია, თუმცა  ამ ძეგლების  კუთვნილებაზე არავინ დაობს.  რაც შეეხება,  დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერს, ეს საბჭოთა პერიოდშიც საქართველოს შემადგენლობაში იყო.

სუბარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერის ირგვლივ არსებულ ვითარებას საეჭვოს უწოდებს და განცხადებას, რომ  „გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში“ ღალატის ტოლფასადაც აფასებს.

 „თუ დღეს  რაიმე პრობლემაა საზღვრების დემარკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა  მოეხერხებინა, რომ სანამ სახელმწიფო კომისიები არ  შეთანხმდენოდნენ,   ის სტატუს კვო შენარჩუნებულიყო, რომელიც აქამდე იყო“,-განაცხადა სუბარმა.